პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული მირზა სუბელიანის ადვოკატის, ინგა ჩალაურის ინფორმაციით, მირზა სუბელიანმა ხელ-ფეხსა და კისერზე დაზიანება მიიღო 15 ოქტომბერს, სუიციდის მცდელობის გამო. საჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში სუბელიანთან შეხვედრის წინ ჩალაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მირზა სუბელიანის ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა დღემდე კრიტიკული იყო. ადვოკატი ვარაუდობს, რომ ფარული ჩანაწერები თვითმკვლელობის მცდელობის გამოსაწვევად გაავრცელეს.
18 ოქტომბერს საღამოს, ჟურნალისტმა ელისო კილაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მირზა სუბელიანი ნაცემია. იმავე საღამოს პატიმარს სასჯელაღასრულების მე-8 დაწესებულებაში შეხვდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი. ნათია კუპრაშვილის თქმით, მირზა სუბელიანი კატეგორიულად უარყოფს სოციალური მედიით გავრცელებულ ინფორმაციას მასზე ფიზიკური ზემოქმედების შესახებ. ნათია კუპრაშვილის ინფორმაციით, მირზა სუბელიანს აღენიშნება მცირედი დაზიანებები ქვედა კიდურებზე, იდაყვთან და კისერზე, თუმცა, განაცხადა, რომ ეს დაზიანებები მიიღო 2018 წლის 15 ოქტომბერს, სუიციდის მცდელობისას. „ასევე შევამოწმე ექიმის ჟურნალი, სადაც ბოლო ჩანაწერი გაკეთებულია 15 ოქტომბერს, როდესაც მან სუიციდის მცდელობა განახორციელა და ამ ჩანაწერში არსებული დაზიანებები ზუსტად შეესაბამებოდა მირზა სუბელიანის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას“ - განუცხადა ჟურნალისტებს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.