Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართულ ოცნებაში" ოპოზიციას ადანაშაულებენ სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაციის მცდელობაში


სოფიო კილაძე
სოფიო კილაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს სოფიო კილაძეს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წიგნი წაკითხული არ აქვს, მაგრამ ვარაუდობს, რომ ოპოზიცია არასწორ ინტერპრეტაციას ახდენს. კილაძის კომენტარი მოჰყვა „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის განცხადებას, რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს მიერ შეტანილ სარჩელზე მომზადებულ შესაგებელში რუსეთი ერთ-ერთ არგუმენტად იყენებს ციტატებს ზურაბიშვილის წიგნიდან.

"რუსეთი, ბუნებრივია, მოწოდებულია, რომ ყველანაირი საკითხი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გამოუვა. ოპოზიციის ასეთი ხმაური გასაგებია. მათი მიზანია, რომ წინასაარჩევნოდ მოახდინონ სალომე ზურაბიშვილის პერსონის დისკრედიტაცია, მაგრამ საბოლოო ჯამში საზოგადოება იღებს დემოკრატიულ, ინფორმირებულ გადაწყვეტილებას. მგონია, რომ საზოგადოების აზრი სულ სხვაა, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის" - განუცხადა ჟურნალისტებს სოფიო კილაძემ. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი იზიარებს „ქართული ოცნების” პოზიციას, რომ ომი დაიწყო რუსეთმა, რომელსაც თავისი გეგმის განხორციელებაში ხელი შეუწყო მიხეილ სააკაშვილის უპასუხისმგებლო ქმედებებმა. „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წარმომადგენლის, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მისთვის უცნობია რა მტკიცებულებები აქვს წარდგენილი რუსეთს ჰააგის სასამართლოში და ეს ინფორმაცია შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს, როგორც საქართველოს წარმომადგენელს.

„განცხადებები, რომელიც გაკეთდა ზურაბიშვილის მიერ სხვადასხვაგვარი იყო. ვფიქრობ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის მხრიდან ბოლოს რაც მოვისმინეთ და საბოლოო პოზიცია რაც იყო, არ სცდებოდა 2008 წლის ომთან დაკავშირებით საერთაშორისო შეფასებებს“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. დღესვე, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილი უწოდა და დასძინა, რომ ამას მტკიცებულებით დაადასტურებენ.

XS
SM
MD
LG