Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაცის ნადიმი


ავტორი: არმაზ ახვლედიანი

არ მეგონა თუ ოდესმე ასე გამიჭირდებოდა არჩევანის გაკეთება. პრეზიდენტობისთვის მიშას დროინდელი ორი საგარეო საქმეთა მინისტრი იბრძვის. ერთმა ქართული არ იცის და გვესაუბრება ენაზე, რომელიც კაციშვილს არ ესმის. ეს თურმე ძველქართული აქცენტის დამსახურებაა.
მეორეს თავი რუსული კულტურის ნაწილად მიაჩნია. რატომღაც ჰგონია, რომ რაღაც დიდის ნაგლეჯია, ალბათ ჩვენი შეჭმული ტერიტორიაც ჩრდილო-დანატოვარი ჰგონია.

კლასში მათემატიკის გაკვეთილზე ვიჯექით როცა ხალხის ნაკადმა სწრაფი ნაბიჯით ჩაიარა, შეძახილებით - წადი!რა თქმა უნდა ჩვენც ავყევით, ბავშვური მიამიტური მხიარულებით. დამამახსოვრდა ჩემი უკიდურესად პრაგმატული მასწავლებლის პოზიცია - საქმე არ აქვთ და გარეთ დარბიანო. ერთი წამითაც კი არ სჯეროდა, რომ ცვლილებები რეალური იყო.

დილით იოსებიძის სტადიონზე სავარჯიშოდ ვემზადებოდით როცა რაღაც აფეთქდა, გამაყრუებელი ხმა მაღალ კორპუსებში ექოდ ჩაიკარგა. „ჭიამ“ , რომელიც დღეს საქართველოს ჩემპიონობისთვის ემზადება ძალიან სევდიანად იკითხა - დაიწყეს უკვე? მაშინ ვერ მივხვდი რა იგულისხმა. რისი ეშინოდა, რას ელოდებოდა. ახლა ვხვდები.

სტადიონზე დიდხანს გავჩერდი, ირგვლივ ძალიან უცნაური სიცარიელე იყო, ხალხი ან მიტინგზე იყო, ან ტელევიზორებთან.როცა დაღლილი სახლში ავედი პირდაპირ ეთერში აჩვენებდნენ როგორ შევარდა მიშა პარლამენტის შენობაში. მამაჩემი თან იმაზე სწუხდა, რომ შევარდნაძე ტექსტის კითხვას აგრძელებდა, თან იმის ეშინოდა, რომ ტყვია არ გავარდნილიყო. ბაბუ გაიყვანეს, ჩაი დაილია, ჩაქუჩი აიქნიეს და უკვე ყველამ იცოდა, რომ წერტილიც დაისმებოდა.
თითქოს ცა მოიწმინდა და მზე გამოჩნდა. როგორც ზღაპრებში ხდება ხოლმე, მორდორზე გავიმარჯვეთ. სადღაც ორ კვირაში ვარჯიშზე მისულს უჩვეულო სურათი დამხვდა, ბევრი მშობელი იყო თავმოყრილი და ერთმანეთს ულოცავდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა ასეთი მისალოცი ტექსტი წარმოთქვა - გილოცავთ ძველი ტირანის წასვლას და ახალის მოსვლასო. გაეცინათ. მე გავბრაზდი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ვიყავი პროტესტი გამიჩნდა. ახლა რაღა გინდათ? ბაბუ წავიდა, შუქი მოვიდა, აღარ ბნელა. რა არ გასვენებთ? რატომ ელოდებით მხოლოდ ცუდს? რა თქმა უნდა ამას მხოლოდ ვფიქრობდი და არაფერი მითქვამს.

მალევე რეფორმები დაიწყო, ხმები გავრცელდა, რომ პოლიცია საქმეს საქმეზე ხსნიდა, ორ კვირაში რეკორდული რაოდენობის საქმე გაიხსნა. ჩაშვება მოსული პონტი გახდა, ჩვენი მაშინდელი ურბანული ღმერთები ძირს ჩამოყარეს და თურმე საერთოდ არ ყოფილან ღმერთები. გაჩნდა პატრული, მოწესრიგებული ფორმით და მომღიმარი სახით. როცა უბანს საგრძნობლად მოვცილდებოდით და ტაქსის ფული არ გვქონდა პატრულს ვაჩერებდით და ვეუბნებოდით, რომ დავიკარგეთ. იმათაც მივყავდით დანიშნულების ადგილამდე.

მერე იყო თითქოს კონტექსტიდან ამოვარდნილი სურათი, ეკლესიის დარბევა. წვერით ნათრევი სასულიერო პირი და მოხუცების თავზე გადალეწილი ხელკეტები. დედა თვალებს არ უჯერებდა როცა ბარამიძე და მერაბიშვილი დაინახა, თურმე შეიძლება , რომ სისხლისღვრას მშვიდი სახით უყურო. ჯერ კიდევ 2004 წელი იყო. ეს არ იყო ძალაუფლებით დაბრმავებული ადამიანის ქმედება, ეს იყო უბრალოდ ძალის დემონსტრირება. ჩვენ გვაქვს ძალა, გვაქვს ხალხის მხარდაჭერა და გვიფრთხილდით. - ასეთი იყო მათი გზავნილი ინსტიტუტის მიმართ , რომელიც საუკუნეების განმავლობაში იმახსოვრებს ყველაფერს და მიუხედავად იმისა, რომ მიმტევებლობას ქადაგებს მაინც არასდროს არავის პატიობს.

საკმაოდ საღი აზრი ჰქონდა ლაშა ბუღაძეს. „პატარა ქვეყნის“ ავტორს. ამბობდა, რომ ეს იყო ძალის გადამეტება, თავისუფლად შეიძლებოდა ანაფორიანი კაცის მშვიდად დაკავება, თუ მან კანონი დაარღვია.

იმ კაცის მშვიდ ვითარებაში დაკავება იქნებოდა ზუსტად ის გზავნილი საზოგადოებაში, რომელსაც დღემდე ველით. - კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ანაფორიანიც, კოსტუმიანიც, ჩოხიანიც. ამის მაგივრად მივიღეთ შემდეგი გზავნილი - გეშინოდეთ.

განსხვავებული აზრი ჰქონდა ლევან ბერძენიშვილს. მან სრულად გაამართლა ეკლესიის დარბევა, იმ ფორმით რა ფორმითაც ეს მოხდა. გასაკვირი არ არის, რომ რამდენიმე წელში ზუსტად იგივე ხალხმა ამჯერად მის ძმას ჩასცხო თავში ხელკეტი , ის კი რუსეთის აგენტად შერაცხეს. როცა თვალნათლივ ხედავ სიბოროტეს და ამას ამართლებ, ეს აუცილებლად მოგიბრუნდება უკან.

მიშამ არ იცოდა. ეს იყო ყველაზე პოპულარული აზრი ამ თემაზე. მიშამ არაფერი იცოდა. ეს თვითნებობით მოხდა. პრეზიდენტი ამას არ დაუშვებდა.
მზიურში თამაშით დაღლილები ჭავჭავაძეზე ამოვედით. მთელი გამზირი გაკაშკაშებული იყო, არ ვიცი შეიძლება სიბნელეში გაზრდილი ბავშვები სულ სხვანაირად აღვიქვამდით კაშკაშა შუქებს. განწყობაზეც მოქმედებდა. ყველა ეზო ხალხით იყო სავსე, უხაროდათ ერთმანეთის ნახვა. ერთი შეცდომა არაუშავს. ის მღვდელი მაინც ჭკუიდან შეშლილია, ყველაფერი კარგად არის, სახელმწიფოს მშენებლობა გრძელდება. ნეტავ როგორი იქნება როცა მშენებლობა დასრულდება?!

სულ მალე მამას სამსახურში სპეცრაზმი შევარდა. შენობა დაიკავეს და შიგნით აღარავინ შეუშვეს. აუკრძალეს ყველგან მუშაობა და სათითაოდ იბარებდნენ დაკითხვებზე. რამდენიმე თანამშრომელს გულის შეტევა მოუვიდა, ზოგს ინსულტი, ვიღაც გადარჩა, ვიღაც ვერა. ვინც მათთან ბრძოლა გადაწყვიტა ციხეში მოხვდა. ვინც ოჯახის წევრების გამო შიშობდა იმან ბრძოლაზე უარი თქვა, მასთან უბრალოდ შუქი ჩაქრა და გაზი დაილუქა. მაცივარიც დაცარიელდა. ცხელი წყლის გარეშე ყოფნა ასატანი იყო, ცივი წყლით ვბანაობდი, მაგრამ ძალიან რთული აღმოჩნდა ირგვლივ განათებული კორპუსების ყურება როცა ჩემთან ბნელოდა.

მე მაინც მჯეროდა, რომ მიშამ არაფერი იცოდა. ძალიან მინდოდა, რომ ყველაფერი გაეგო და ის ცუდი ხალხი დაესაჯა. მამამ ინფაქტის მერე სამსახური დაიწყო, კონტრაქტით. ერთ-ერთ სამინისტროში იმდენად ახალგაზრდა კადრი დანიშნეს, რომ უცოდინრობისგან პანიკური შიშები დაეწყო. მამა ოფიციალურად მისი მრჩეველი იყო, არაოფიციალურად მასწავლებელი. ერთხელ მეგობარმა უთხრა ხეზე ასვლას ნუ ასწავლიო, მაგრამ როცა პროფესიონალურად უდგები საქმეს იძულებული ხარ ყველაფერი ასწავლო. როცა ასე თუ ისე მოსწავლემ ანბანი ისწავლა მამას კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს. მისთვის ყველა კარი ისევ დაიხურა. ცოტა ხანში ამას მეორე ინფაქტი მოჰყვა.

იმ წლებში ყოველთვის მეუბნებოდა, რომ შენდებოდა ქვეყანა სადაც ადამიანის შრომა და ცოდნა იქნებოდა დაფასებული. მეუბნებოდა ყველაფერი შენზეა დამოკიდებულიო. ალბათ იმიტომ, რომ გულში ბოღმა არ ჩამედო, არ გავბოროტებულიყავი. მეცხოვრა ისევ იმ ილუზიებით, რომ იმ კაცმა არაფერი იცოდა, რომ სახელმწიფო არ გვებრძვის, რომ რეპრესირებულები არ ვართ.
პირველად მაშინ შემეშინდა, როცა ხმები მოვიდა იმ წესიერი კაცის ნადიმებზე. რესტორნებში ღორივით ჭამაზე. ის შედის, ყველა გადის და იწყება ღრეობა. ნუთუ შესაძლებელია, რომ ეს სიმართლე იყოს? არ მინდოდა დაჯერება და ვთქვი, რომ ჭორია.

სკოლაში მიმავალს მეგობარი წამომეწია და მითხრა, რომ ჟვანია მოკლეს. არ დავუჯერე , ვიფიქრე მეხუმრებათქო. დაიგინა. მართლა მოკლესო. კლასში შევედი და ვთქვი, რომ ჟვანია მოკლეს. მათემატიკის მასწავლებელმა ისევ ისე ურწმუნოდ გამომხედა და მკითხა - სადმე მოისმინე? მეთქი არა. ზუკამ მითხრა. მოურიდებლად დამცინა. სხვებიც აყვნენ. ზუკა ჩემ თვალში გაფუჭდა. სამასწავლებლოში გავიდა და გაფითრებული დაბრუნდა. ჩუმად დაგვიდასტურა ზურას გარდაცვალება. ზარის დარეკვისას მომიახლოვდა და მითხრა - არ მოუკლავთ, გაზით გაიგუდა.

არ ვიცი ახლა რომელი ვერსიის სჯერა. იმის, რომ ორი კაცი გაზით გაიგუდა ბინაში სადაც გაზი ვერ იქნებოდა თუ იმის, რომ ორი კაცი ძეხვმა მოკლა.
ეს უკვე გარდამტეხი ეტაპი იყო. ზურას სიკვდილის მერე ყველაფერი შეიცვალა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პოლიციურ სახელმწიფოდ გარდაქმნის საფრთხე სწორედ მაშინ დაიწყო. შიშის გამო დაიწყო მოსმენები, თვალთვალი, მიყურადება, დაჭერები. შესაბამისად ზედმეტი ძალაუფლება მისცეს ძალოვნებს რამაც მოიტანა ის ტრაგიკული გვარები, რომლებიც დღემდე გვესმის. მოიტანა დარბევები, გავსებული ციხეები და ერთმანეთის სიძულვილი.

საბოლოოდ აშენდა სახლი, რომლის საძირკვლის ჩაყრასაც ყველა სიხარულით ვადევნებდით თვალყურს. აშენდა სახლი სადაც ძალიან რთულია ცხოვრება. მმართველი შეიცვალა , მაგრამ იგივე სახლში ვცხოვრობთ, სასამართლოში იგივე კადრებით. პარლამენტში და მთავრობაში შეფარებული ვირთხებით. თვით პრემიერიც კი რეპრესიული რეჟიმის უპატიოსნესი შემწირველი ყოფილა. არ მჯერა არცერთი მმართველის, რომელიც ასეთ სახლში კომფორტულად გრძნობს თავს. სადაც ყველა სართულზე უსამართლობაა, სარდაფებში კი ჯოჯოხეთი.
ეს სახლი დასანგრევია. ახალი საძირკველია ჩასაყრელი, მაგრამ ვაი, რომ არჩევანის გაკეთება ამ ორს შორის მაინც მომიწევს, ვაი, რომ ისინი ამ სახლში ბედნიერად გრძნობენ თავს.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG