Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშინიანის კანდიდატურა მეორედ დაასახელეს სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე


სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი ერთი კვირის განმავლობაში მეორედ წარადგინეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე, რასაც ითვალისწინებს მისივე გეგმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად. ფაშინიანის კანდიდატურა წამოაყენა მისმა საპარლამენტო ფრაქცია „იელკმა“ მოკავშირე ძალების, მათ შორის დამოუკიდებელი დეპუტატების მხარდაჭერით. ყოფილი ოპოზიციონერი დეპუტატი, ნიკოლ ფაშინიანი მაისში აირჩიეს პრემიერ-მინისტრად, რასაც წინ უძღოდა რამდენიმეკვირიანი საპროტესტო აქციები და სომხეთის სტაჟიანი ლიდერის, სომხეთის რესპუბლიკური პარტიის წევრ სერჟ სარქსიანის გადადგომა. მას შემდეგ ფაშინიანის პოლიტიკურმა ალიანსმა „ჩემმა ნაბიჯმა“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ერევნის მუნიციპალიტეტის არჩევნებში და ფაშინიანი ახლა ცდილობს, მიაღწიოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, რათა ბოლო მოუღოს საკანონმდებლო ორგანოში რესპუბლიკური პარტიის დომინირებას. ფაშინიანი 16 ოქტომბერს გადადგა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან. სომხეთის კონსტიტუციით, ვადამდელი არჩევნების გამართვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრემიერ-მინისტრი გადადგება და პარლამენტი ვერ შეძლებს მისი შემცვლელის არჩევას ორკვირიან პერიოდში. ამის შემდეგ არაუგვიანეს 45 დღეში უნდა გაიმართოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. 16 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ფაშინიანის გადადგომის შემდეგ, მისმა ფრაქციამ 23 ოქტომბერს წამოაყენა მისივე კანდიდატურა. ის უმრავლესობამ უარყო. მოელიან, რომ ფაშინიანის კანდიდატურა მეორედ წამოყენების შემდეგაც ჩავარდება. და თუ ასე მოხდა, გაიხსნება გზა პარლამენტის დათხოვნისთვის და დეკემბრის პირველ ნახევარში ვადამდელი არჩევნების დასანიშნად.

XS
SM
MD
LG