Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცე-მერი ქრთამის აღებისთვის დააკავეს


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიასა და ვიცე-მერის, გია გულორდავას დაკავების თაობაზე. გამოძიება მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაზე ედავება.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 21 500 აშშ დოლარი. შეთანხმების მიხედვით, 11 500 აშშ დოლარი განკუთვნილი იყო გულუას ბაღის იჯარით გადაცემისთვის, ხოლო 10 000 აშშ დოლარი - რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემისთვის. 2018 წლის მაისში იმავე მოქალაქემ 10 000 აშშ დოლარი პირადად გადასცა გია გულორდავას, ხოლო 11 500 აშშ დოლარი მათთვის გადასაცემად 2018 წლის 7 ივნისს ჩარიცხა გია გულორდავას მიერ მითითებული პიროვნების ხ.ბ-ს სახელზე, საბანკო გზავნილის სახით, რასაც საბოლოოდ დაეუფლნენ გია გულორდავა და ლაშა გოგია“, - წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე. ეს 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG