უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მდივანი რუსტემ უმეროვი და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ანდრიი ჰნატოვი სამი დღის განმავლობაში მართავდნენ შეხვედრებს აშშ-ში. მათგან ანგარიშის მიღების შემდეგ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა:
„მათ პროდუქტიულად იმუშავეს პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან და რამდენიმე დოკუმენტის პროექტები მზად არის. კერძოდ, ეს არის დოკუმენტები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე, აღდგენაზე და ამ ომის დასრულების ძირითად ჩარჩოზე. საკითხები დღეისთვის დგება იმგვარად, რომ პასუხობდეს ომის დასრულების მიზანს და რუსეთის მესამედ შემოჭრის თავიდან აცილებას. მოლაპარაკებებისა და შეხვედრების ყოველი რაუნდი ხელს უწყობს უკრაინის ინტერესების დაცვას და გავაგრძელებთ მუშაობას ასევე კონსტრუქციულად“.
ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის აგრეთვე ევროპელ პარტნიორებს „მხარდაჭერისა და კოორდინაციისთვის“ და აცხადებს, რომ უკრაინა „მოუთმენლად ელოდება დიალოგის გაგრძელებას“. უკრაინის პრეზიდენტის ხაზს უსვამს უკრაინის ერთგულებას ომის დასრულების მიზნისადმი და ამ ფონზე, რუსეთის მხრიდან თავდასხმებისა და შეტევის გაძლიერებას, რასაც, ზელენსკის სიტყვებით, მსოფლიომ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებით უნდა უპასუხოს.
23 დეკემბერსვე უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა რუსეთის მორიგ თავდასხმებს, რომელთა უპირატესი სამიზნე ენერგოსექტორი და სამოქალაქო ინფრასქტრუქტურა იყო. მისი სიტყვებით, ამჯერად გაშვებული იყო 650-ზე მეტი დრონი, რომელთაგან უმრავლესობა „შაჰედი“ იყო და გამოყენებული იყო 30 რაკეტა. რუსეთის მიერ სამშაბათს განხორციელებულ დარტყმებს მოჰყვა მსხვერპლიც - კიევის ოლქში დაიღუპა ერთი ქალი; არსებული ინფორმაციით, ერთი პირია დაღუპული ხმელნიცკის ოლქში. ჟიტომირის ოლქში საცხოვრებელ შენობაზე რუსეთის დრონის დარტყმის შედეგად, დაიღუპა 4 წლის ბავშვი.
„რუსეთის ეს დარტყმები უკიდურესად მკაფიოდ მეტყველებს რუსეთის პრიორიტეტებზე - შობის წინ თავდასხმა, როცა ადამიანებს უბრალოდ თავიანთ ოჯახებთან, სახლში და უსაფრთხოდ ყოფნა სურთ. თავდასხმა განხორციელდა ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების მიმდინარეობის ფონზე. პუტინს ჯერაც არ შეუძლია დათანხმდეს იმას, რომ მან უნდა შეწყვიტოს კვლა. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო არ ახორციელებს საკმარის ზეწოლას რუსეთზე. ახლაა პასუხის გაცემის დრო. რუსეთს უნდა ვუბიძგოთ მშვიდობისკენ და გარანტირებული უსაფრთხოებისკენ“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
ფორუმი