Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტყიბულელი მეშახტეები აქციას 12 საათზე განაახლებენ


ტყიბულში ძიძიგურის სახელობის შახტის მეშახტეები დღეს, 12:00 საათისთვის ტყიბულის მერიის წინ აქციის განახლებას გეგმავენ.

გუშინ, ტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად ჩასული მეშახტეები შახტიდან აღარ ამოვიდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მეშახტე ხვიჩა გაბუნიამ განუცხადა, მანამდე დარჩებიან შახტში, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, შახტის მმართველი კომპანიის „საქნახშირის“ ხელმძღვანელებმა აცნობეს, რომ საწარმოო პროცესის შეწყვეტის გამო ხელფასს ვეღარ გადაუხდიან. მეშახტეებმა მთავრობას მიმართეს, უსაფრთხო უბნებზე მისცეს მუშაობის განახლების უფლება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია არ გამორიცხავს, რომ ტყიბულის შახტებში მუშაობა დეკემბერში განახლდება. ქობულიას ინფორმაციით, ამჟამად ვითარებას აფასებს საერთაშორისო კომპანია. „ჩვენ არ შეგვიწყვეტია ხელფასების გადახდა, წინა თვეში გადახდილია და ამ თვეშიც ასევე იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა არ აღდგენილა. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ იქ, სადაც მუშაობა დაიწყება, იქნება უსაფრთხო“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ტყიბულის შახტებში სამუშაო პროცესი მას შემდეგ შეჩერდა, რაც 5 აპრილს, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.

XS
SM
MD
LG