Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა სარალიძე ღია წერილით მიმართავს ბიძინა ივანიშვილს


ზაზა სარალიძე
ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილის ფეისბუკზე ღია წერილით მიმართავს, სადაც მასთან შეხვედრას ითხოვს და იმ მტკიცებულებების წარმოდგენას, რაც დაადასტურებს ნაციონალურ მოძრაობაში მის კოორდინატორობას. სარალიძის თქმით, მის მიმართ ბინძური კამპანია მიმდინარეობს, იგი მზად არის მედიისა და ადვოკატის თანდასწრებით ყველა კითხვაზე დეტალური განმარტება მიაწოდოს ივანიშვილს და იმავეს ითხოვს მისგან. ღია წერილში ასევე საუბარია მისი შვილის მკვლელობაში მაღალჩინოსნების ჩართულობაზე და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე:

„თქვენ უზნეობა გგონიათ გირგვლიანის საქმისა და ხორავას ქუჩის საქმის შედარება. გირგვლიანი თანამდებობის პირებმა მოკლეს სადისტურად, ჩემი შვილი კი თანამდებობის პირების შვილებმა უმოწყალოდ დაჩეხეს 12 ჭრილობით. ღვიძლი დაზიანებული, არტერია გადაჭრილი, ფილტვი დაზიანებული და დაჩეხილი. სასიცოცხლო ნიშნები აღარ არსებობდა. შემდეგ კი ორივე საქმის მიმართ სახელმწიფოს მანქანა ამუშავდა, დაფარვისა და გაყალბების ბინძური მეთოდებით. ამ ყველაფერს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობამაც ახადა ფარდა. ნახა საზოგადოებამ რა სამარცხვინო სამართალდამცავი გამომძიებლები და პროკურორები გვყავს. საკუთარი ფუნქციები ვერ გაურკვევიათ. კიდევ კარგი სახელები და გვარები ახსოვდათ. მაგრამ თქვენმა ხელისუფლებამ აქაც ივაჟკაცა და სრულიად არარაობა დადგენილება მიაღებინა პარლამენტს.

თუ ჩემი შვილის მკვლელობა ვერ უთანაბრდება გირგვლიანის საქმეს, რას იტყვით თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე? რომელიც სახელმწიფომ საწოლში ჩაცხრილა და გაურბიხართ თქვენც და თქვენი თანაგუნდელებიც პასუხი გასცეთ შვილმოკლულ მამას“, - წერს ზაზა სარალიძე.

გარდა ამისა, „მამები სიმართლისთვის“ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერებს პარლამენტის შენობის წინ 16:00 საათზე ელოდებიან.

XS
SM
MD
LG