„სასამართლო ხელისუფლების ერთ-ერთი უმაღლესი ორგანო - საკონსტიტუციო სასამართლო - ამა წლის 30 ივლისს უხეშად შეიჭრა პარლამენტის კომპეტენციაში და დაადგინა ისეთი რამ, რისი უფლებაც არ ჰქონდა. ადამიანის პიროვნული თავისუფალი განვითარების უფლება არ გულისხმობს მის დეგრადაციას... ნარკოტიკის მოხმარება ვერ გამოცხადდება კონსტიტუციურ უფლებად. მსოფლიოში არცერთ საკონსტიტუციო სასამართლოს და არცერთ უზენაეს სასამართლოს ასეთი რამ არ გაუკეთებია“, - განაცხადა პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, კობა დავითაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში 8 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.
კობა დავითაშვილი მიმართავს „ქართულ ოცნებასა“ და საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, რომ მეორე ტურის წინ დაიწყონ დეპუტატების ხელმოწერების შეგროვება, კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად. ყოფილი დეპუტატი ფიქრობს, რომ კონსტიტუციით უნდა აიკრძალოს ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება, დამზადება და გასაღება.