Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია ვოლსკიმ პროვოკაცია უწოდა სოფელ ატოცში სალომე ზურაბიშვილის შეურაცხყოფას


„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა გია ვოლსკიმ სპეციალურად დაგეგმილ ბრიფინგზე შეაფასა სოფელ ატოცში მომხდარი ინცინდენტი. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გია ვოლსკიმ ამ ქმედებას „ბინძური პროვოკაცია“ უწოდა და განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა და გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამგვარი გზით ფარავს საკუთარ შეცდომებს:

„ჩვენ ვიმყოფებოდით სოფელ ატოცში, სადაც საოკუპაციო ძალები კიდევ ერთ მონაკვეთზე ავლებენ გამყოფ ხაზს. ეს იმ დანაშაულებრივი შეცდომებისა და მოღალატეობრივი ქმედებების კიდევ ერთი გამოძახილია, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ჩაიდინა თავისი ხალხის წინაშე. მეტიც, სწორედ მათ გასწირეს სასიკვდილოდ მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელიც არ გამოიყვანეს საბრძოლო ზონიდან... რეჟიმი უტიფრად უარყოფდა რუსულ აგრესიას და პირადად გრიგოლ ვაშაძე გვიმტკიცებდა, რომ რუსეთი გაკვირვებულია დე ფაქტო ხელისუფლების ქმედებებით. ეს არის შემაძრწუნებელი რეალობა და მოცემულობა, რომლის გადასაფარად ნაციონალურმა მოძრაობამ მორიგ ბინძურ პროვოკაციას მიმართა. სააკაშვილის ყოფილმა თანამშრომელმა შეურაცხმყოფელი, უშვერი სიტყვებით მიმართა ქალბატონ სალომეს“.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა, პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შემთხვევა სოფელ ატოცში, 8 ნოემბერს მოხდა, სადაც საოკუპაციო ხაზთან ჩასული პრეზიდენტობის კანდიდატი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა.

სოფელ ატოცში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის გავლება 7 ნოემბერს დაიწყეს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა სოფლის მცხოვრებთა მიწის ნაკვეთების ნაწილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG