Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკრონი და მერკელი შეუერთდნენ უკრაინაში სეპარატისტული კენჭისყრის საერთაშორისო კრიტიკას


საფრანგეთმა და გერმანიამ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების ჩატარებულ არჩევნებს უწოდეს "უკანონო და არალეგიტიმური", რითიც შეუერთდნენ ამ კენჭისყრის საერთაშორისო კრიტიკას. კიევი და მისი საერთაშორისო მხარდამჭერები აცხადებენ, რომ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ადგილებში 11 ნოემბერს ჩატარებული კენჭისყრა კიდევ უფრო გაართულებს იმ კონფლიქტის დასრულებას, რომელსაც 2014 წლის აპრილის შემდეგ 10300-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. თუმცა, მოსკოვი აცხადებს, რომ არჩევნები, რომლითაც დონეცსკსა და ლუგანსკში სეპარატისტთა ლიდერები უნდა აერჩიათ, არ არღვევს მინსკის შეთანხმებებს, რომლებიც ძალადობის დასრულებას ისახავს მიზნად. დათვლილია თითქმის ყველა ხმა და დონეცკის რეგიონში სეპარატისტთა ლიდერის მოვალეობის შემსრულებელი, დენის პუშილინი, 61 პროცენტით ლიდერობს - იუწყებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები. მეზობელ ლუგანსკის რეგიონში სეპარატისტთა ლიდერის მოვალეობის შემსრულებელს, ლეონიდ პასეჩნიკს ხმების 68 პროცენტი აქვს. ორივე შედეგი მოსალოდნელი იყო. "ეს ე.წ. არჩევნები ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს" - წერენ მერკელი და მაკრონი ერთობლივ განცხადებაში, რომელიც გავრცელდა მას შემდეგ, რაც საფრანგეთში, პირველი მსოფლიო ომის გასახსენებელ ღონისძიებებზე ლიდერები შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG