Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუს-ი ამავე უწყების მაღალჩინოსნების დაკავებას ადასტურებს


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამავე უწყების მაღალჩინოსნების დაკავების თაობაზე მედიით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. სუს-ის ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ მედიით დასახელებული პირები, კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ოთარ გ. და ადვოკატი ირაკლი გ. სიუჟეტის ეთერში გასვლამდე გაცილებით ადრე, 2018 წლის 2 ოქტომბერს დააკავეს სუს-ის გენერალურმა ინსპექციამ და პროკურატურამ. ორივე პირს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მათ გამოძიება ედავება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობას.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთარ გ. და ირაკლი გ. წინასწარი შეთანხმებით დაუკავშირდნენ რუსეთის ფედერაციის მიერ ძებნილი, ამჟამად საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი ორი პირის ნათესავს და თითქოსდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის მეშვეობით, მათი პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ მოსთხოვეს დიდი ოდენობის თანხის გადახდა. 2018 წლის 2 ოქტომბერს, აღნიშნული პირები მოტყუებით დაეუფლნენ ფულადი თანხის ნაწილს - 10 000 აშშ დოლარს, რა დროსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს.

ინფორმაცია სუს-ის მაღალჩინოსნების დაკავების თაობაზე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა. მათი წყაროს ცნობით, 2018 წლის გაზაფხულზე საქართველოში სარფის გამშვები პუნქტის გავლით ინტერპოლის მიერ ძებნილი ძმები ალექსანდრე და ვლადიმირ გლუშკოვები შემოვიდნენ, რომლებსაც რუსეთის ხელისუფლება თაღლითობისა და ქრთამის აღებისთვის ეძებდა და მათ რამდენიმე მილიონის მითვისებაში ადანაშაულებდა. "რუსთავი 2"-ის ცნობით, ინტერპოლის მიერ ძებნილი დეპუტატი ძმები საქართველოში 6 თვის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ და პოლიტიკური დევნილის სტატუსის მიღებაზე პროკურატურის მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებები ჰქონდათ. ხოლო გადაწყვეტილების მიღებამდე ძმებ გლუშკოვებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დიდ თანხას სძალავდნენ.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-2 ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექცია.

XS
SM
MD
LG