ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაიკავა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაც. ნეთანიაჰუმ კანონით მინიჭებული უფლებით ისარგებლა სამთავრობო კრიზისის დასაძლევად. ისრაელის თავდაცვის მინისტრის თანამდებობა 14 ნოემბერს დატოვა ავიგდორ ლიბერმანმა, რომელმაც პროტესტი ამ ფორმით გამოუცხადა ისრაელის მთავრობის მიერ პალესტინელთა რადიკალურ მოძრაობასთან, „ჰამასთან“ მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. პროტესტის ნიშნად ლიბერმანის პარტიამ „ისრაელი ჩვენი სახლია“ მმართველი კოალიცია დატოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოითხოვა. კოალიციიდან ამ პარტიის გასვლის შემდეგ პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ პარლამენტში ინარჩუნებს უმრავლესობას მხოლოდ ერთი ხმის უპირატესობით.
18 ნოემბერს საღამოს, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის უსაფრთხოება პოლიტიკურ უთანხმოებაზე მაღლა დგას. ნეთანიაჰუმ ვადამდელ არჩევნებზე უარი ახსნა წარსული გამოცდილებით, როცა ახალ არჩევნებს სასურველი შედეგი არ მოუტანია. 11 ნოემბერს, ისრაელმა „ჰამასი“ დაადანაშაულა ქვეყნის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიშებში და საპასუხოდ, ღაზის სექტორში დაბომბა რამდენიმე ათეული სამიზნე, მათ შორის „ჰამასის“ სამხედრო დაზვერვის შტაბ-ბინა. შეიარაღებული კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, 13 ნოემბერს ნეთანიაჰუს მთავრობა დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ამ გადაწყვეტილებას ავიგდორ ლიბერმანმა უწოდა „ტერორის წინაშე კაპიტულაცია.“