Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში მოკლეს ორი ჟურნალისტი, რომელიც აკრიტიკებდა მთავრობასაც და ისლამისტ მეამბოხეებსაც


სირია, 2018 წლის 23 ნოემბერი: ჟურნალისტების რაედ ფარესისა და ჰამუდ ალ-ჯანეიდის დაკრძალვა სოფელ კაფრანბელში
სირია, 2018 წლის 23 ნოემბერი: ჟურნალისტების რაედ ფარესისა და ჰამუდ ალ-ჯანეიდის დაკრძალვა სოფელ კაფრანბელში

სირიაში მოკლეს როგორც მმართველი რეჟიმის, ისე ისლამისტი მეამბოხეების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ორი ჟურნალისტი. „რადიო ფრეში“, რომელშიც ჟურნალისტები რაედ ფარესი და ჰამუდ ალ ჯანეიდი მუშაობდნენ, ფეისბუკში წერს, რომ დაუდგენელმა პირებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს მიკროავტობუსიდან. თავდასხმა 23 ნოემბერს მოეწყო იდლიბის პროვინციის ქალაქ კაფრ ნაბელში.

ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ცნობით, ჟურნალისტები მიღებული ჭრილობების შედეგად მალევე გარდაიცვალნენ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.

იდლიბისა და მის გარშემო რეგიონის ნახევარზე მეტს აკონტროლებს „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი“ - ალიანსი, რომელსაც სათავეში ჯიჰადისტები უდგანან. რეგიონში ძლიერი პოზიცია აქვთ ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრებსაც. „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ინფორმაციით, ორი ჟურნალისტი ცნობილი იყო მეამბოხეებისადმი კრიტიკით სამოქალაქო პირების მიმართ ძალადობის გამო.

რაედ ფარესმა 2013 წელს დააარსა „რადიო ფრეში“, რათა დაპირისპირებოდა ფუნდამენტალისტების იდეოლოგიას იდლიბში. ამის შემდეგ მას არაერთხელ დასხმიან თავს შეიარაღებული ჯგუფები. 2014 წელს ფარესი გულ-მკერდის არეში დაჭრეს, ხოლო მის რადიოსადგურში ექსტრემისტები შეიჭრნენ. მთავრობის ჯარებმა კი "რადიო ფრეშზე" საჰაერო დარტყმა განახორციელა.

XS
SM
MD
LG