აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ გაუქმდება მისი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან. ტრამპმა გაზეთ „ვაშინგტონ პოსტს“ უთხრა, რომ არ მოსწონს ქერჩის სრუტეში აგრესიის აქტი. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამჟამად ელოდება თანაშემწეების სრულ ანგარიშს 25 ნოემბeრს მომხდარი ინციდენტის შესახებ. დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება არგენტინაში „დიდი ოცეულის“ ლიდერთა სამიტის ფარგლებში, რომელიც 30 ნოემბერს იხსნება.
25 ნოემბერს, ქერჩის სრუტესთან რუსმა მესაზღვრეებმა ცეცხლი გაუხსნეს სამ უკრაინულ სამხედრო გემს, რომლებიც შავი ზღვიდან აზოვის ზღვისკენ მიემართებოდნენ. კიევის ინფორმაციით, გემებზე იმყოფებოდა 23 მეზღვაური, რომელთაგან 6 დაჭრილია. უკრაინამ რუსეთის ქმედება აგრესიის აქტად შეაფასა და შეიარაღებულ ძალებში სრული საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა. თავის მხრივ, რუსეთი ირწმუნება, რომ უკრაინულმა გემებმა დაარღვიეს საზღვარი და არ დაემორჩილნენ სახიფათო მანევრების შეწყვეტის მოთხოვნას, რის გამოც რუსი მესაზღვრეები იძულებულნი იყვნენ ცეცხლი გაეხსნათ. კიევი უარყოფს, რომ მისმა სამხედრო გემებმა ნაოსნობის საერთაშორისო წესები დაარღვიეს. 26 ნოემბერს საღამოს, უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებას და 30 დღით გამოაცხადა საომარი მდგომარეობა.