რუმინეთში აღნიშნეს თანამედროვე სახელმწიფოს შექმნის მე-100 წლისთავი კორუფციისა და მმართველობის ხარვეზების წინააღმდეგ პროტესტის ფონზე.
მთავრობამ სამხედრო აღლუმები ჩაატარა ბუქარესტში და ტრანსილვანიის ქალაქ ალბა ლულიაში, რომელიც ითვლება პირველი მსოფლიო ომის შემდეგ რუმინეთის გაერთიანების სიმბოლოდ. საღამოს დედაქალაქში 1000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა მთავრობის სასახლესთან კორუფციის გასაპროტესტებლად. ისმოდა შეძახილები „გადადექით!“
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც რუმინეთს, როგორც ნატოს წევრს, მადლობას უხდის შავი ზღვის უსაფრთხოებაში წვლილის შეტანისათვის და ავღანეთისა და ერაყის სამხედრო მისიებში მონაწილეობისათვის.
რუმინეთი, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი წევრია, იანვრიდან შეუდგება ბლოკის მორიგე თავმჯდომარეობას. ამავე დროს გამოთქვამენ შეშფოთებას სასამართლო რეფორმით, რომელიც შესაძლოა ქმნიდეს კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული მმართველობის დასუსტების საფრთხეს.