დღეს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, დავით ზალკალიანთან და პავლო კლიმკინთან. სხდომას, რომელიც ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში ჩატარდება, ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს. ჩრდილოატლანტიკური საბჭო ნატოში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი ორგანოა. დღევანდელი შეხვედრის უმთავრესი თემაა შავი ზღვის უსაფრთხოება და რეგიონში არსებული გამოწვევები ქერჩის სრუტეში რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებების ფონზე. 25 ნოემბერს, რუსმა მესაზღვრეებმა ქერჩის სრუტეში შეიარაღებული თავდასხმა განახორციელეს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემებზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილავენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხების სრულ სპექტრსაც და ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას.
ხვალ, 5 დეკემბერს დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაში ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.