Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: მიტროპოლიტ ნიკოლოზის კუთვნილი ქონება განზრახ არ დაუწვავთ


შინაგან საქმეთა სამინიტროში არ ადასტურებენ სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ჯავახეთის სოფელ ფოკაში ადგილობრივმა ეთნიკურად სომეხმა მოსახლეობამ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის ნიკოლოზის კუთვნილი სახლები განზრახ დაწვეს. შსს-ს ინფორმაციით, საქმე ეხება სოფელ ფოკაში 3 დეკემბერს მომხდარ მკვლელობას.

„3 დეკემბერს, 1986 წელს დაბადებულმა გ.მ., წარსულში არსებული პირადი კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით, თანასოფლელი ხ.ტ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. პოლიციის ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში,ამ ფაქტის შემდეგ, სოფლის მოსახლეობამ ბრალდებულის საცხოვრებელი ორი სახლი, რომელთაგან ერთი ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის კუთვნილებაშია, საქონლის სადგომი და ავტომობილები დაწვა. პოლიციამ ბრალდებულის ოჯახის წევრები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მკვლელობაში ბრალდებით დაკავებულის ოჯახის საქონლის სადგომი, რომელიც ადგილობრივებმა 5 დეკემბერს გადაწვეს, სოფლის მიტოვებულ შენობებში იყო განთავსებული და იურიდიულად ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიას ეკუთვნოდა.

"3-5 დეკემბერს ნინოწმინდის რაიონში, სოფლებში ფოკასა და ასფარაში ხანძრის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ამ ეტაპზე ტარდება ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები, მიმდინარეობა დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება. ცეცხლის მოკიდებით სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - უთხრეს რადიო თავისუფლებას შსს-ში.

ამ ეტაპზე შსს-ს დაკავებულების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება, რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ სოფელში მშვიდი ვითარებაა და მოსახლეობასთან ურთიერთობაც ძველებურად გრძელდება.

XS
SM
MD
LG