Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს 21 დეკემბერს დაასახელებს


ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე სამ კანდიდატურას პრეზიდენტი არასამთავრობი ორგანიზაციებთან კონსულტაციის შემდეგ დაასახელებს - განაცხადა 20 დეკემბერს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამ. ის ამ რანგში პირველად წარსდგა მედიის წინაშე და თქვა, რომ ჟურნალისტებთან აქტიური ურთიერთობა ექნება.

კანონით, ახალ პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენის ვადა 21 დეკემბერს ეწურება. თუმცა კონსულტაცია მხოლოდ ერთ დღეს - 20 დეკემბერს გაიმართება. დიმიტრი გაბუნიამ განმარტა ასევე, რომ კანონი მათ არ ავალდებულებდა რამდენიმე კონსულტაციის გამართვას და არც არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის ვადას უწესებდა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციების აზრი, ეს არ იქნება შეხვედრა - შეხვედრისთვის. ჩვენ მათ მოვუსმენთ და ისე მივიღებთ გადაწყვეტილებას. უფლებამოსილება ეწურება ცესკოს თავმჯდომარის მოადგილესაც და ჩვენ მის ვაკანტურ ადგილზეც უნდა გამოვაცხადოთ ღია კონკურსი“, - განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

მანვე თქვა, რომ ჯერჯერობით პრეზიდენტს შერჩეული არ ჰყავს კანდიდატურები და საბოლოო გადაწყვეტილებასაც სწორედ ამ კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.

იქნება თუ არა კანდიდატებს შორის ცესკოს ამჟამინდელი თავმჯდომარე თამარ ჟვანია? მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მისი კანდიდატურა ისევ განიხილება ცესკოს ხელმძღვანელის პოსტზე. ამ შეკითხვაზე პასუხი, გაბუნიას თქმით, საზოგადოებას ხვალ ექნება.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ არასამთავრობო სექტორი არ შესთავაზებს საკუთარ კანდიდატებს პრეზიდენტს? ასეთ შემთხვევაში, როგორც დიმიტრი გაბუნიამ განმარტა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავად შეარჩევს და დაასახელებს სამივე კანდიდატს.

კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთან 20 დეკემბერს, საღამოს არის დაგეგმილი.

თუმცა ამ დრომდე მიწვევა არ მიუღია, მაგალითად, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას. ორგანიზაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ მას ჯერჯერობით არც ფოსტაზე მისვლია რამე შეტყობინება და არც დაურეკავთ. კონსულტაციებში მონაწილეობის პრობლემას ის ვერ ხედავს, თუმცა ამბობს, რომ საია არ წარადგენს საკუთარ კანდიდატს იმ მარტივი მიზეზით, რომ მათ ამ დრომდე არ ჰქონიათ ამ საკითხზე კომუნიკაცია ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. სალაძის თქმით, სულ ცოტა, ერთი შეხვედრა მაინც უნდა დანიშნულიყო, რომ ასეთ კანდიდატზე ეფიქრათ, მას გასაუბრებოდნენ და შემდეგ პრეზიდენტისთვისაც შეეთავაზებინათ.

„ჩვენთვის მთავარია, რომ ეს პიროვნება, ვინც ცესკოს თავმჯდომარე იქნება იყოს დამოუკიდებელი კანდიდატი, არ იყოს აფილირებული რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან. ასე ერთ დღეში ვინმეს წარდგენა საიასგან არ იქნებოდა გონივრული გადაწყვეტილება“ , - გვითხრა სულხან სალაძემ.

საქართველოს კანონმდებლობით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მის მიერ შერჩეულ სამ კანდიდატურას ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე წარუდგენს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ამ სამიდან კი ცესკო ერთ-ერთს აირჩევს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG