Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში გრიპით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა


H1N1 ტიპის ვირუსით ქუთაისში ერთი ადამიანი გარდაიცვალა. სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით, გარდაცვლილია ორსული ქალი, რომელსაც ექიმების ინფორმაციით, კლინიკაში მიყვანისას უკვე რთული მდგომარეობა აღენიშნებოდა. 24 დეკემბერს, ამავე ვირუსმა ბათუმში იმსხვერპლა 53 წლის ქალის სიცოცხლე. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ორივე გარდაცვლილი მაღალი რისკის ჯგუფში იყო და სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სერგეენკომ მოქალაქეებს კვლავ მოუწოდა, გრიპის პირველი სიმპტომებისთანავე ექიმს მიმართონ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, საქართველოში გრიპით დაავადებულთა უმრავლესობას აქვს სწორედ H1N1 ვირუსი, თუმცა, არის H3N2 ვირუსის ცალკეული შემთხვევებიც. „ამჟამად გვაქვს 221 მიმართვიანობა 100 000 მოქალაქეზე. ეპიდემიური ზღვარი არის 450-500 შემთხვევა 100 000 მოსახლეზე. ეპიდემიამდე არ ვართ, მაგრამ ეს არავის შეღავათს არ აძლევს“ - განაცხადა პაატა იმნაძემ. მისი განმარტებით, ვირუსი იწყება სხეულის ტემპერატურის უეცარი მატებით, მათ შორის 40 გრადუსამდე და მისი სიმპტომებია თავის, ყელის, კუნთების და სახსრების ტკივილი და ხველება. პაატა იმნაძის თქმით, უმჯობესია ავადმყოფი სახლში დარჩეს და მიიღოს ბევრი სითხე და სიცხის დამწევი მედიკამენტები, 38,5 გრადუსზე მეტი ტემპერატურის შემთხვევაში კი, აუცილებლად მიმართოს ექიმს.

XS
SM
MD
LG