Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ია კერზაიას საქმე საპარლამენტო კომიტეტში განიხილება


აქცია ზუგდიდში

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი 28 დეკემბერს გამართავს მოსმენას ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით. კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებული საერთო სურათის უკეთ წარმოსადგენად და სრული ინფორმაციის მისაღებად, აუცილებელია, რომ დეპუტატებმა მოისმინონ განათლების სამინისტროს ანგარიში. 28 დეკემბრის საკომიტეტო სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების ცენტრის წარმომადგენლები და მათი ხელმძღვანელი.

„განათლების სამინისტროში მზადდება სრული ინფორმაცია წლის განმავლობაში ჩატარებულ 98 ინსპექტირებასთან დაკავშირებით. ეს იქნება სრული სტატისტიკური მონაცემები, როგორც ინსპექტირების დაწყების საფუძვლებზე, ასევე რეაგირების დროზე, რეაგირების შედეგებზე და რეკომენდაციებზე...წელს ჩატარებული 98 ინსპექტირება იყო ბევრად უფრო ნაკლები, ვიდრე შარშან; ბევრად უფრო მეტი უარყოფითი დასკვნა იყო მომზადებული შარშან, ვიდრე მიმდინარე წელს, რომელიც იყო განსაკუთრებით სენსიტიური პოლიტიკური კუთხით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დავინახოთ საერთო სურათი და რეალურად ვნახოთ, იყო თუ არა ზუგდიდის შემთხვევაში განსაკუთრებულ მიდგომასთან საქმე... პარასკევს, 28 დეკემბერს ჩატარდება შესაბამისი მოსმენა“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა 25 დეკემბერს გამართულ საკომიტეტო სხდომაზე. მისი განმარტებით, საკომიტეტო მოსმენის ოთხი დღით გვიან ჩატარების გადაწყვეტილება მან სწორედ განათლების სამინისტროს ანგარიშის გაცნობის საჭიროების გამო მიიღო.

ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას თქმით, დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და დაღუპვა მასზე განხორციელებული სახელისუფლებო პოლიტიკური წნეხის შედეგია. შენგელია სწორედ ამ წნეხს უკავშირებს მე-6 სკოლაში განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულ შემოწმებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG