Accessibility links

site logo site logo

მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის მიმართ შეკითხვები "ქართულ ოცნებაშიც" აქვთ


საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა გადაწყვიტეს შეხვდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს. ფრაქციის „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ მდივანმა ლევან გოგიჩაიშვილმა ბიუროს დღევანდელ სხომაზე განაცხადა, რომ იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურა გაურკვეველი იყო. გოგიჩაიშვილის ინფორმაციით, ხვალ ღია ფორმატით შეხვდებიან და დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ იუსტიციის საბჭოს იმ წევრებისგან, რომლებმაც პროცესს მხარი არ დაუჭირეს.

მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის ფორმა მიუღებელია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილისთვის. „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ორი რამ მაქვს სათქმელი: ერთი არის პროცედურა, რა ფორმითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატურები წარმოადგინა და რომელიც ჩემთვის მიუღებელია და მეორეა, კონკრეტული გვარები წარმოდგენილ სიაში. ზოგიერთ მათგანთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2012 წელს გამოვთქვი ჩემი აზრი და ეს აზრი დღემდე არ შემიცვლია“ - განუცხადა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ თამარ ჩუგოშვილმა. მისი თქმით, ერთი მხრივ, პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურებზე მუშაობა, ხოლო მეორე მხრივ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა დაიწყოს საზოგადოებრივი აზრისთვის ანგარიშის გაწევა.

24 დეკემბერს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად შეარჩიეს და პარლამენტს წარუდგინეს მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე. ამ გადაწყვეტილებას პროტესტი გამოუცხადეს საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG