Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურის ცნობით, "თიბისიდან" დოკუმენტების გამოთხოვა ფულის გათეთრების საქმეს უკავშირდება


მთავარი პროკურატურა
მთავარი პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, „თიბისი ბანკიდან“ დოკუმენტაციის გამოთხოვა უკავშირდება ფინანსური მონიტორინგის სამსახურისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას, თუმცა, ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი ჯერჯერობით არ დგას. პროკურორ სალომე ჩიქობავას ცნობით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო „თიბისი ბანკის,“ მისი კლინეტი იურიდიული პირების, აქციონერების და ადმინისტრატორების ფინანსური საქმიანობის შესწავლა.

„შესწავლისას გამოიკვეთა, რომ კონკრეტული აქტივობები შეიცავდა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრების ნიშნებს და მასალები რეაგირებისთვის გაიგზავნა ეროვნულ ბანკსა და პროკურატურაში“ - განაცხადა ჩიქობავამ. მისივე თქმით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან 2018 წლის ივლისში მითებული ინფორმაციის საფუძველზე, 2 აგვისტოს საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით. პროკურორის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში კომპანიებმა „სამგორი ემ“-მა და „სამგორი თრეიდ“-მა „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით აიღეს დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის სესხი, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემულ იქნა ფიზიკურ პირებზე ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე.

„სესხის თანხის გადახდის გარეშე 2008 წლის ბოლოს სესხი გადატანილ იქნა გარე საბალანსო ანგარიშზე, ანუ ჩამოიწერა, ხოლო 2012 წლის აგვსიტოში, კომპანიების მიერ სესხის თანხის გადახდის გარეშე, ჩანაცვლებულ იქნა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის მიერ“ - განაცხადა სალომე ჩიქობავამ. მისი ინფორმაციით, „თიბისი ბანკისთვის" თანხა დღემდე არ არის ანაზღაურებული. პროკურორის ინფორმაციით, დაკითხულია საქმესთან შემხებლობაში მყოფი თითქმის ყველა პირი, მათ შორის მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთო წერეთელი. სალომე ჩიქობავას განმარტებით, ტარდება სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება და მიზანშეწონილად ჩაითვალა ბანკიდან ზოგიერთი დოკუმენტის გამოთხოვა, რის გამოც 4 იანვარს პროკურატურამ განჩინებისთვის მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

ჟურნალისტების შეკითხვას, რატომ დაიწყო გამოძიება 10 წლის შემდეგ, სალომე ჩიქობავამ უპასუხა, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა პროკურატურას ინფორმაცია მიაწოდა 2018 წლის ზაფხულში. პროკურორის განმარტებითვე, გამოძიება მიმდინარეობს მუხლით, რომელიც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს ეხება და მისი ხანდაზმულობის ვადა ამ ეტაპზე გასული არ არის. სალომე ჩიქობავას განცხადებით, გამოძიების ამ ეტაპზე არ დგას რომელიმე კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხი და მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გადაწყდება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება-არდაწყების საკითხი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG