დღეს დილით გაიხსნა მცხეთის ჯვრის მონასტერი, რომელიც მრევლისა და ტურისტებისთვის 14 იანვარს დაკეტა ტაძრის წინამძღვარმა კონსტანტინე ჯინჭარაულმა. მიზეზად დასახელდა მონასტრის ტერიტორიაზე გარემოვაჭრეთა საქმიანობა. ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმით გააგრძელებენ საქმიანობას გარემოვაჭრეები.
15 იანვარს საღამოს საქართველოს საპატრიარქომ განაცხადა, რომ „ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით ამჟამად შექმნილი ვითარება გარემოვაჭრეების საქმიანობის მოწესრიგებისათვის გადადგმული ნაბიჯია. სამწუხაროდ, არასახარბიელო მდგომარეობაა სულიერ-კულტურული მნიშვნელობის სხვა ძეგლებთანაც. ჩვენ გვესმის, რომ ხალხს უჭირს და ლუკმა-პურის საშოვნელად სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, მაგრამ როდესაც ამდენი ტურისტი და მომლოცველი ჰყავს ქვეყანას უხერხულია, ეს ტაძრები თავისი დიდებულებით გვიყურებდნენ წარსულიდან და XXI საუკუნის საქართველო კი მათ გვერდით მიუღებელი და მოუწესრიგებელი სახით იყოს წარმოჩენილი.“ საპატრიარქომ მიმართა ხელისუფლებას, პირველ რიგში, კულტურის სამინისტროს, „ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, რათა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიებზე ცივილური სახე მიეცეს გარემოვაჭრეთა საქმიანობას.“