Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ბახტაძე: „თიბისისთან“ დაკავშირებით, მე დავინახე პოლიტიკური სპეკულაცია


„სამწუხაროდ, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით მე უფრო დავინახე პოლიტიკური სპეკულაციის თემა, ვიდრე არგუმენტირებული პასუხი“, - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. პრემიერი მოუწოდებს საზოგადოებას დაელოდოს გამოძიებას, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი: „ჩემი პირადი მოსაზრებაა, ისევე როგორც ჩემი გუნდის და ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანის, რომ როდესაც ჩვენი ფინანსური ინსტიტუტები, განსაკუთრებით კომპანიები წარმოდგენილი არიან საერთაშორისო ბირჟაზე, ეს არის ძალიან დიდი მონაპოვარი და ამას გაფრთხილება უნდა. ამასთან ერთად საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები აღნიშნავენ, რომ ჩვენი ფინანსური სექტორი არის განსაკუთრებით მდგრადი რეგიონში და ამავე დროს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი. მე ძალიან შორს ვარ იმ მოსაზრებისგან, რომ თუ კითხვები გაჩნდა რომელიმე ინდივიდუალური აქციონერის მიმართ, ეს გამოიწვევს ამ ძალიან დიდი მონაპოვარის გარკვეულ შესუსტებას. სამწუხაროდ, აქ მე უფრო დავინახე პოლიტიკური სპეკულაციის თემა, ვიდრე არგუმენტირებული პასუხი. თუ კითხვები არსებობს, რაც ეხება ინდივიდუალურ აქციონერს, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა პირადად მე არ მიმაჩნია პრობლემად“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პროკურატურა 2008 წელს „თიბისი ბანკის“ მიერ განხორციელებულ ერთ-ერთ ტრანზაქციაზე გამოძიებას აწარმოებს. ინფორმაცია ამის შესახებ 9 იანვარს დაადასტურა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ. მათი განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ე.წ.ფულის გათეთრების) ფაქტზე. პროკურატურის განცხადებით, ამ ეტაპზე ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი გამოკვეთილი არ არის. თუმცა გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით, რომელიც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს გულისხმობს. „თიბისი ბანკი“ მის მიმართ ზოგიერთი მედიით გავრცელებულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. პოლიტიკურ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამ პროცესს, შესაძლოა, პოლიტიკური საფუძველი ჰქონდეს.

XS
SM
MD
LG