Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში გაიმართა სალომე ზურაბიშვილის და დონალდ ტუსკის პრესკონფერენცია


სალომე ზურაბიშვილი, დონალდ ტუსკი
სალომე ზურაბიშვილი, დონალდ ტუსკი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან. შეხვედრის შემდეგ შედგა ზურაბიშვილის და ტუსკის ერთობლივი პრესკონფერენცია.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა: "ევროკავშირისა და საქართველოს პარტნიორობა გამორჩეული და მასშტაბურია. ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და 2017 წლის მარტში, უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ, 300 000-ზე მეტმა ქართველმა უვიზოდ იმოგზაურა [ევროკავშირში]. ჩვენს დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გავიმეორე, რომ ევროკავშირი ერთგულია ასოცირების ხელშეკრულების ჩარჩოში ჩვენი თანამშრომლობის ინტენსიფიკაციისა. ამ ხელშეკრულებამ მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა ჩვენს მოქალაქეებს და მას აქვს პოტენციალი კიდევ უფრო გააძლიეროს საქართველოს სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და ინსტიტუციური გამძლეობა".

ტუსკმა ასევე თქვა, რომ შეხვედრაზე წამოჭრა საქართველოში რეფორმების საჭიროების საკითხი და პრეზიდენტთან შეთანხმდა კანონის უზენაესობის და მართლმსაჯულების სფეროებში პროგრესის მნიშვნელობაზე. "10 წელზე მეტი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომიდან. მე კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ ევროკავშირის უცვლელ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ისევე, როგორც კონფლიქტის გადაწყვეტის მცდელობების მიმართ" - განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა. ტუსკის თქმით, მიმდინარე წელს აღინიშნება ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის მეათე წლისთავი და საქართველოში ბათუმის კონფერენცია ამ თარიღს მიეძღვნება. "ივლისში სიხარულით ჩავალ საქართველოში კიდევ ერთხელ, ამ კონფერენციაზე დასასწრებად" - თქვა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა ტუსკს და ევროპულ ინსტიტუტებს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული მხარდაჭერისთვის. ზურაბიშვილის თქმით, მისი გაპრეზიდენტება ქართველი ამომრჩევლის მხრიდან ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერის გამოვლინებაც იყო: "ჩემი ევროპული წარსული მცირე ფაქტორი არ ყოფილა არჩევნებში წარმატების მოპოვებაში" - განაცხადა მან.

ზურაბიშვილის თქმით, ევროკავშირში ინტერგრაცია საქართველომ საკუთარი განვითარების ცენტრალურ პერსპექტივად დაისახა. "ჩვენ რეალისტები ვართ და ვიცით, რომ ევროკავშირის წინაშე ახლა მნიშვნელოვანი კითხვები დგას და ზოგიერთი პასუხი, რომელსაც ველოდებით, შესაძლოა უშუალოდ დღევანდელობას არ შეეხოს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე ფორმით შევანელებთ ჩვენს თანამშრომლობას და მუშაობას" - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ბათუმში დაგეგმილი კონფერენცია იქნება როგორც წარსული თანამშრომლობის შეფასების, ისე სამომავლო პოლიტიკური პერსპექტივების დასახვის ადგილი.

XS
SM
MD
LG