აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დიდი უმრავლესობით მიემხრნენ კანონპროექტს, რომელშიც დასტურდება კონგრესის მტკიცე მხარდაჭერა ნატოს მიმართ. კენჭისყრის ფონია შეშფოთება, რომელსაც იწვევს 29-წევრიანი ჩრდიილოატლანტიკური ალიანსის მიმართ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დამოკიდებულება.
ნატოს მხარდაჭერის აქტს, რომელიც კრძალავს ბიუჯეტის გამოყენებას ალიანსიდან გასასვლელად და აცხადებს, რომ აშშ-ის პოლიტიკა ითვალისწინებს ალიანსის წევრად დარჩენას, ხმა მისცა ორივე პარტიის წარმომადგენელთა დიდმა უმრავლესობამ: 357-მა კანონმდებელმა 22-ის წინააღმდეგ.
კანონპროექტით დადასტურებულია ნატოს წევრების ურთიერთდახმარების პრინციპის მხარდაჭერა, ისევე როგორც მხარდაჭერა ახალი წევრის, მონტენეგროს მიმართ. საუბარია აუცილებლობაზე, რომ აშშ-მა გააგრძელოს „ევროპული შეკავების ინიციატივის“ დაფინანსება და რომ მიზანია ალიანსის ყოველმა წევრმა თავდაცვას მოახმაროს მთლიანი შიდა პროდუქტის, სულ ცოტა, 2%.
კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე თანამდებობიდან გადადგა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ნატოს მხარდაჭერით ცნობილი უეს მიჩელი.