უახლოეს წლებში სამუშაო ადგილების მეოთხედი ამერიკის შეერთებული შტატებში შესაძლოა რობოტებმა დაიკავონ. ასეთი პროგნოზია გამოთქმული ვაშინგტონის ბრუკლინის ინსტიტუტის ანგარიშში, რომელიც ხუთშაბათს გამოქვეყნდა, იუწყება სააგენტო „Associated Press.“
ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაახლოებით 36 მილიონი ამერიკელი ასრულებს სამუშაოს, რომელსაც აქვს ავტომატიზაციისკენ მიდრეკილების მაღალი ხარისხი.ეს ნიშნავს, რომ მათი ფუნქციური ამოცანების 70 პროცენტი შესაძლოა უახლოეს მომავალში მანქანებმა შეასრულონ. მათ რიგებში, ანგარიშის ავტორების შეფასებით არიან მზარეულები, ოფიციანტები და საზოგადოებრივი კვების სფეროს სხვა თანამშრომლები, სატვირთოების მძღოლები და ოფისში დასაქმებული პირები.
„დასაქმებულთა ამ ნაწილს ან კვალიფიკაციის სწრაფი ამაღლება და გადამზადება მოუწევს, ან სამსახურის შეცვლა“- ამბობს ანგარიშის მთავარი ავტორი, ბრუკლინის ინსტიტუტის უფროსი სამეცნიერო მუშაკი მარკ მურო. მისი პროგნოზით, სამუშაო ადგილების მეოთხედის ავტომატიზაციას რამდენიმე წლიდან 20 წლამდე პერიოდი დასჭირდება.
ანგარიშის ავტორები ვარაუდობენ, რომ ახალმა მიღწევებმა ხელოვნური ინტელექტის სფეროში შესაძლოა მკვეთრად გაზარდოს რობოტების გამოყენება.