საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავა, მათგან 5 ნარკოტიკების უკანონო გასაღების ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბოცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გამოვლენილია ნარკოტიკების ინტერნეტით გავრცელების ახალი სქემა. ვლადიმერ ბოცვაძის განმარტებით, ჯგუფის ორმა წევრმა საკომუნიკაციო აპლიკაცია „ტელეგრამის“ მესენჯერში შექმნა ჯგუფები – drug-shop-ები, ხოლო ინტერნეტ-პლატფორმა „მატანგაზე“ – ნარკოტიკების სარეალიზაციო ონლაინ მაღაზია. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ჯგუფების ოპერატორის ფუნქციაში შედიოდა წინასწარ შერჩეულ ადგილზე დადებული ნარკოტიკის გასაღება ჯგუფის წევრებზე, რისთვისაც შესაბამის ანაზღაურებას იღებდა.
პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, დაახლოებით 100 გრამი ნარკოტიკული საშუალება "ჰაშიში" ნივთმტკიცებად ამოიღო. ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. "ბიო" და ნარკოტიკული საშუალება "ალფა პვპ", რომლებიც განკუთვნილი იყო "ტელეგრამში" არსებული ჯგუფების - ე.წ. "drug-shop"-ების მომხმარებლებზე გასასაღებლად.
გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ბ" პუნქტით და მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს