Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის მიერ დანიშნული რწმუნებული აღიარა


მაიკ პომპეო
მაიკ პომპეო

ვაშინგტონმა აშშ-ში ვენესუელის საქმეთა დროებით რწმუნებულად აღიარა ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი კარლოს ალფრედო ვეკიო. ის რწმუნებულად დანიშნა ვენესუელის პარლამენტის თავმჯდომარემ ხუან გუაიდომ, რომელმაც 23 იანვარს თავი გამოაცხადა ქვეყნის დროებით პრეზიდენტად. სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ მზად არის ითანამშრომლოს ვეკიოსთან და სხვა დიპლომატებთან, რომლებსაც ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი დანიშნავს.

ამასთან, აშშ-მა ნიკოლას მადუროს მთავრობა გააფრთხილა, რომ სერიოზული პასუხი მოჰყვება ვენესუელაში მყოფ ამერიკელ დიპლომატებზე და ოპოზიციის ლიდერებზე ძალადობას. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა ტვიტერზე დაწერა, რომ ამერიკელი დიპლომატების, პარლამენტის წევრების და ხუან გუაიდოს დაშინების და ძალადობის ნებისმიერი მცდელობა იქნება საშიში თავდასხმა კანონის უზენაესობაზე და მას მნიშვნელოვანი პასუხი მოჰყვება.

ვენესუელის პრეზიდენტად მეორე ვადით 2018 წელს არჩეული ნიკოლას მადუროს ინაუგურაცია 2019 წლის 10 იანვარს გაიმართა. მადუროს წინააღმდეგ 22 იანვარს დაიწყო მრავალათასიანი საპროტესტო აქციები. ოპოზიციის კონტროლქვეშ მყოფი პარლამენტის თავმჯდომარემ, ხუან გუაიდომ თავი გამოაცხადა ვენესუელის დროებით პრეზიდენტად. ოპოზიცია მადუროს ადანაშაულებს არჩევნების გაყალბებაში, დიქტატურასა და ეკონომიკის დანგრევაში.

XS
SM
MD
LG