Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რვა გამოცდა, რომელიც განათლების სისტემამ დაიწუნა


საატესტატო გამოცდები ელენემ სკოლაში შარშან ჩააბარა. ელენეს მსგავსად, სკოლის დამამთავრებელ გამოცდებს მეთორმეტე კლასელები წელსაც ჩააბარებენ. აი, მომავალი წლიდან კი განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მოსწავლეები სკოლას ტესტირების გარეშე დაამთავრებენ და გამოცდებს მხოლოდ და მხოლოდ უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად ჩააბარებენ.

ელენე ახლა პირველკურსელია. იმისათვის, რომ საატესტატო და შემდეგ უკვე მისაღები გამოცდები ჩაებარებინა, წლების განმავლობაში რეპეტიტორებთან ემზადებოდა. ამბობს, რომ საატესტატო გამოცდები, ანუ კომპიუტერზე ადაპტირებულ ტესტირება (CAT), მისთვის არ ყოფილა განათლების მიღების გზა. მისი თქმით, ეს იყო უბრალოდ სკოლის დასამთავრებლად დასმული წერტილი:

„პირდაპირ გეტყვით, იყო საგნები, გამოცდის წინა ღამეს რომ მოვამზადე.დაზეპირებული ტექსტებითა და მარტივი ფორმულების დასწავლით შეგეძლო გამოცდებზე ბარიერის გადალახვა. ეს ტესტირება არ ემსახურებოდა რაიმე განსაკუთრებული უნარების წარმოჩენას. იმასაც ვფიქრობ, რომ შესაძლოა, ბავშვების ნაწილს სწორედ ამ გამოცდების გამო მიეღო თუნდაც მინიმალური ცოდნა გარკვეულ საგნებში. რა თქმა უნდა, ცუდია, მხოლოდ იმიტომ თუ სწავლობ, რომ გამოცდა ჩააბარო, მაგრამ სულ არაფერს, ალბათ ჯობია. ახლა უკვე არ ვიცი, როგორ იქნება. ალბათ მარტო გამოცდების გაუქმებით არ უნდა შემოიფარგლოს სამინისტრო და სხვა ცვლილებებზეც უნდა იფიქროს“.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში“ განმარტავენ, რომ შეფასების ახალი სისტემა და დანერგვა დაეფუძნა „ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და გამოსაშვები გამოცდების სისტემის საფუძვლიან კვლევას“. ამდენად, შეფასების ახალი მოდელი, ანუ საატესტატო გამოცდების გაუქმება, სწორედ არსებულ გამოწვევებს ეხმიანება. ეს არის ზოგადი, განმარტება იმისა, რაც ამ ეტაპზე, საატესტატო გამოცდების გაუქმების მიზეზების შესახებ მოისმინა საზოგადოებამ.

გამოკვლევის შედეგები, რომელიც გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა, ცენტრის განმარტებით, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოკვლევა სამ თვეზე მეტხანს გრძელდებოდა და მასში ყველა მხარე, სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები და დარგის სპეციალისტები იყვნენ ჩართული. ამჯერად მიმდინარეობს გამოკვლევის დამუშავების პროცესი. მანამდე კი დარგის ექსპერტები მხოლოდ და მხოლოდ ზოგადი შეფასებებით შემოიფარგლებიან და ცდილობენ გააანალიზონ განათლების რეფორმის ფარგლებში გადადგმული ეს მოულოდნელი ნაბიჯი.

განათლების რეფორმის მისია ეფუძნება ფრაზას: „ახალი მოდელის პრინციპი ორიენტირებულია ხარისხზე და გულისხმობს სკოლის როლის გაძლიერებას, ორიენტაციას შედეგზე და არა გამოცდაზე, უნივერსიტეტების ავტონომიის ეტაპობრივ გაზრდასა და მშობლებისათვის ნაკლებ დანახარჯებს“.

გამოკვლევის უცნობი შედეგების ზოგადი შეფასებები და მოსაზრებები

დარგის სპეციალისტების მნიშვნელოვანი ნაწილი ფიქრობს, რომ საატესტატო გამოცდების გაუქმება, შესაძლოა არ იყოს მცდარი გადაწყვეტილება, თუმცა, მხოლოდ ეს ნაბიჯი სკოლებში განათლების ხარისხს ვერ გააუმჯობესებს.

ექსპერტი განათლების საკითხებში, ნანა დიხამინჯია რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ გამოსაშვები გამოცდების სრული გაუქმებითა და მისაღები გამოცდების შემცირებით სკოლებში განათლების ხარისხი ვერ გაუმჯობესდება., მისი თქმით, ამ მიზნის მისაღწევად გაცილებით სიღრმისეული ცვლილებებია საჭირო:

„ცხადია, გამოცდების არსებულ მოდელს აქვს ძალიან ბევრი პრობლემა. მათ შორის, ესაა ბევრი გამოცდა. უფროსკლასელები მასობრივად ემზადებიან რეპეტიტორებთან და საბოლოოდ, ეს ყველაფერი მაინც ვერ აისახება ცოდნის მაღალ ხარისხზე, რაც ბუნებრივიცაა, რადგან გამოცდები ემსახურება მხოლოდ ცოდნის შემოწმებას და არა მის გადაცემას. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ თავის დროზე, საატესტატო გამოცდების შემოღებას ჰქონდა მიზეზი - უფროსკლასელები არ დადიოდნენ სკოლაში, სკოლა ვერ ახერხებდა მოსწავლეთა სამართლიან შეფასებას. როცა განათლების სამინისტრო გვეუბნება, რომ ამ მოდელის შემოღების შემდეგ, სკოლის როლი დაკნინდა, ეს არ არის სიმართლე, ვინაიდან სკოლის როლი უკვე დაკნინებული იყო. ახალი მოდელით კი ვუბრუნდებით იმ მდგომარეობას, რაც რამდენიმე წლის წინ უკვე არსებობდა. ჩვენ არ ვიცით, რა ტიპის კვლევა ჩატარდა, შეფასდა თუ არა წლების განმავლობაში მოსწავლეთა ცოდნის ზრდა და მისი კორელაცია მისაღები და გამოსაშვები გამოცდების სხვადასხვა მოდელებთან. სამინისტროს განცხადებით, ახალი მოდელით სკოლას უბრუნდება ატესტატის გაცემის პასუხისმგებლობა. ანუ. სინამდვილეში. უბრალოდ ვუბრუნდებით ძველ მოდელს, რომელიც ვერ მუშაობდა, რადგან სკოლა ატესტატებს გასცემდა ან ჰაერზე, ან კორუფციულად. ცხადია, ბევრი ხარვეზი ჰქონდა წინა მოდელს, მაგრამ შემოთავაზებული მოდელი თითქმის არცერთი პრობლემის გადაწყვეტას არ გვთავაზობს, გარდა მშობლების დანახარჯების შემცირებისა და გამოცდებთან დაკავშირებული მოსწავლეთა სტრესის შემსუბუქებისა. არცერთი ეს შედეგი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას არ იწვევს“.

ის, რომ სკოლებში განათლების ხარისხის ზრდისთვის საატესტატო გამოცდების გაუქმების გარდა, სხვა მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი, ამას რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს დარგის კიდევ ერთი ექსპერტი თამარ მოსიაშვილი. კომპიუტერზე ადაპტირებულმა ტესტირებამ, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში 2011 წლიდან დაინერგა და რომელიც მოსწავლეთა ცოდნას 8 საგანში აფასებდა თამარ მოსიაშვილის თქმით, ვერ გაამართლა: „მე არ ვთვლი, რომ ეს გამოცდები რაიმე ცოდნას ამოწმებდა. გარდა ამისა, საატესტატო გამოცდების შედეგები არავის აინტერესებდა - არც უმაღლეს სასწავლებელს და არც პროფესიულ სასწავლებლებს. ვარაუდი, რომ გამოცდებს უნდა გაეზარდა სკოლაში მოსწავლის ცოდნის დონე, ვერ გამართლდა. ამას ვერცერთი კვლევა ვერ ადასტურებს“. თუმცა, მისივე თქმით, ვერც იმას ვიტყვით, რომ გამოცდების სრულად გაუქმებით, სკოლებში განათლების ხარისხის ზრდის თვალსაზრისით სიტუაცია შეიცვლება: „ დიახ, გამოცდების რაოდენობის შემცირება კარგია, სამართლიანობისკენ გადადგმული ნაბიჯია, რადგან მშობლებს ძალიან დიდი ხარჯის გაწევა უწევდათ, მაგრამ ცვლილებებისთვის ეს ვერ იქნება საკმარისი. სკოლის კარი ჩაკეტილია პროფესიონალი მასწავლებლებისათვის და ასევე, ძალიან პრობლემურია სკოლის დეცენტრალიზაციის საკითხი.“.

ცალსახად პოზიტიურ მოვლენას უწოდებს საატესტატო გამოცდების გაუქმებას ექსპერტი განათლების საკითხებში შალვა ტაბატაძე. მისი სიტყვებით, არსებული მოდელი არაფრის მომცემი იყო, თუმცა, ამბობს: „ალბათ, შეიძლებოდა მსჯელობა სავალდებულო გამოსაშვები გამოცდების ნაცვლად, არჩევითი საგნობრივი გამოცდის შემოღების თაობაზე, ასევე უმაღლესში ჩარიცხვის სისტემაში გამოსაშვები გამოცდების როლის გაზრდაზე“.

ზაზა ფირალიშვილი, პედაგოგი და ფილოსოფოსი უკვე 15 წელია აბიტურიენტებს ამზადებს. საატესტატო გამოცდების გაუქმებას ის ფეისბუქში ეხმიანება და ამბობს, რომ გამოცდების გაუქმება იმის მანიშნებელია, რომ სკოლებში ძალიან ცოტაა იმ პედაგოგთა რაოდენობა, ვინც სწავლების ყოველდღიურ პროცესს პატრონობს და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავს ბავშვი არა მაგალითად, ალგორითმების დასწავლას, არამედ ჭეშმარიტი განათლებისკენ: „ამ შემთხვევაში, ცხადია, გამოცდა ზედმეტი ტვირთია. თუკი ჩვენ ასეთი პედაგოგები გვყავს, მაშინ გამოცდების გაუქმებას აზრი აქვს. თუ არ გვყავს, მაშინ უნდა დავფიქრდეთ, ხომ არ შემობრუნდება ავადსახსენებელი 70-იანი წლები, როდესაც მისაღებ გამოცდაზე ატესტატების კონკურსი იქნა შემოღებული და ამან სკოლებში არნახული კორუფცია გააჩინა?... მკვდრადშობილი „სტრუქტურული ცვლილებების“ პროექტები კარგს ვერაფერს მოგვცემს, თუ ძირეულად არ შეიცვალა ჩვენი დამოკიდებულება განათლების, როგორც ფენომენის მიმართ“.

კიდევ ერთი პედაგოგისთვის, ეკატერინე თორთლაძისთვის, განსაკუთრებით მიუღებელია მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოზარდები მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ სწავლობენ კონკრეტულ საგნებს, რომ მათ გამოცდა აქვთ ჩასაბარებელი. მისი სიტყვებით, მოსაზრება და შიში, რომ გამოცდების გაუქმების შემდეგ, ბავშვები აღარ ისწავლიან, კატასტროფაა: „თუ ბავშვი სწავლობს იმის გამო, რომ დამამთავრებელ კლასებში გამოცდები ჩააბარონ, ეს არის შედეგის კატასტროფა. მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც შინაგანად მხარი დავუჭირე განათლების სამინისტროს ამ ნაბიჯს, თუმცა, ჩნდება კითხვა, რამდენად გაცნობიერებულად გადაიდგა ეს ნაბიჯი და რამდენად არის მზად სამინისტრო შემდეგი ნაბიჯებისთვის? გამოცდების არც შემოღება და არც გაუქმება, განათლების ხარისხს ვერ გააუმჯობესებს. საინტერესოა, განათლების სისტემა როგორ ხედავს, რა უნდა გააკეთოს ხვალ“.

რეფორმის ზოგადი გეგმა, რომელმაც სკოლებში განათლების ხარისხი უნდა შეცვალოს

განათლების სამინისტროსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გეგმის თანახმად, 2018-2019 სასწავლო წელს, მე-11 კლასელთათვის მოიხსნება გამოსაშვები გამოცდები. მე-12 კლასში გამოცდები ჩატარდება არსებული სახით და არ შეიცვლება ატესტატის გაცემის წესი. 2020 წლიდან კი საქართველოს საჯარო სკოლების მე-11 და მე-12 კლასელებისთვის მოიხსნება სკოლის გამოსაშვები გამოცდები. სკოლა ატესტატს გასცემს აკადემიური მოსწრების საფუძველზე.

რაც შეეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებს, გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020 წელს ქართული ენისა და ლიტერატურისა და უცხო ენის გამოცდები სავალდებულო იქნება ყველასთვის. სავალდებულო აღარ იქნება ზოგადი უნარების გამოცდა. მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლის პროგრამების მიხედვით - მათემატიკა ტექნიკური და ისტორია ჰუმანიტარული მიმართულებების შემთხვევაში. გარდა ამისა, უნივერსიტეტებს უფლება ექნებათ სურვილის შემთხვევაში დაამატონ თავისი პროგრამის რელევანტური და არჩევითი გამოცდა, მათ შორის ზოგადი უნარები.

CAT-ის ისტორია მოკლედ

2010 წელს საქართველოს მთავრობამ სკოლებში საატესტატო გამოცდების შემოღების გადაწყვეტილება მიიღო.

ცენტრის ექსპერტების მიერ IRT (item response theory) თეორიაზე დაყრდნობით შემუშავდა ალგორითმი. საინფორმაციო ტექნოლოგიების ჯგუფმა კი შექმნა პროგრამა, რომელიც, ყველა შესაძლო რისკის გათვალისწინებით უზრუნველყოფდა ცენტრალიზებული, კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ჩატარებას საქართველოს 1600-მდე სკოლაში.

კომპიუტერული ტესტირების სხვადასხვა მიდგომის განხილვისას უპირატესობა მიენიჭა ინტერნეტით ჩატარებულ ტესტირებას.

2011 წლის 23 მაისს საქართველოში პირველი, კომპიუტერზე ადაპტირებული გამოსაშვები გამოცდები ჩატარდა.

2013 წლიდან გამოსაშვები გამოცდები ორ ეტაპად, მე-11 და მე-12 კლასებში ტარდება. მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს იმ საგნებს აბარებენ, რომლის სწავლაც დაასრულეს (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია). დარჩენილ 4 საგანში ტესტირებას (მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია) მოსწავლეები სკოლის დამთავრებისას გადიან.

გამოსაშვებ გამოცდებში ყოველწლიურად 45 ათასზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG