Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში პარლამენტის სხდომის დროს დააკავეს მმართველი პარტიის წევრი დეპუტატი


რაუფ არაშუკოვი
რაუფ არაშუკოვი

მოსკოვში, რუსეთის ფედერაციის საბჭოს სხდომის დროს დააკავეს მმართველი პარტიის წევრი დეპუტატი ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან, რაუფ არაშუკოვი, რომელიც ეჭვმიტანილია ორი ადამიანის მკვლელობასთან კავშირში.

არაშუკოვი დააკავეს 30 იანვარს მას შემდეგ, რაც კანონმდებლები შეთანხმდნენ მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნაზე. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ მოგვიანებით სანქტ-პეტერბურგში დააპატიმრეს რაუფ არაშუკოვის მამა, რაული.

რუსეთის ფედერალური საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, 32 წლის რაუფ არაშუკოვი ეჭვმიტანილია 2010 წელს ყარაჩაი-ჩერქეზეთის ლიდერის მრჩევლის, ფრალ შებჟუკოვისა და ახალგაზრდული მოძრაობის აქტივისტის, ასლან ჟუკოვის მკვლელობებთან კავშირში, აგრეთვე სხვა დანაშაულებში. საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა ვიდეო, რომელიც აჩვენებს, როგორ მიჰყავთ მის შტაბ-ბინაში დასაკითხად ხელბორკილიანი რაუფ არაშუკოვი.

საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს აგრეთვე, რომ დეპუტატის მამა, 59 წლის რაულ არაშუკოვი ეჭვმიტანილია 30 მილიონამდე რუბლის ღირებულების ბუნებრივი აირის მოპარვაში. რუსეთის რამდენიმე ქალაქში გაჩხრიკეს არაშუკოვების ოჯახის კუთვნილი ბინები და შენობები.

როგორც რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ უთხრა ჟურნალისტებს, „ერთიანი რუსეთის“ წევრმა დეპუტატმა სხდომის დატოვება სცადა, როცა კანონმდებლები შეუდგნენ მისთვის წაყენებულ ბრალდებებზე მსჯელეობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG