საქართველოს პარლამენტის წევრები იმყოფებიან ვაშინგტონში, სადაც აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებს ხვდებიან. დელეგაციაში არიან თამარ ჩუგოშვილი, გიორგი ვოლსკი, ელენე ხოშტარია და თამარ ხულორდავა. მხარეები განიხილავენ საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებს.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ აშშ საქართველოს გვერდით დგას და თბილისს ვაშინგტონში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. „შეიძლება, როდესაც ახალ ამბებს უყურებთ, პოლიტიკური კუთხით შეერთებულ შტატებში ბევრ დაპირისპირებას ხედავთ. თუმცა ჩვენ, რესპუბლიკელები და დემოკრატები არ ვართ გაყოფილნი საქართველოს მხარდაჭერის კუთხით, მსოფლიოში რუსეთის როლის აღქმის თვალსაზრისით, რაც დადებითი როლი ნამდვილად არ არის. საქართველოს აქ ჰყავს მეგობრები დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის და ეს მნიშვნელოვანია“ - განაცხადა კონგრესმენმა კინზინგერმა.
საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, დემოკრატმა კონგრესმენმა ჯერი კონოლიმ აღნიშნა, რომ საქართველომ დემოკრატიული განვითარება უნდა გააგრძელოს და არ დაუშვას დემოკრატიის უკუსვლა. „როდესაც ევროპის სხვა ნაწილებს ვუყურებთ, ვხედავთ, რომ დემოკრატია შეიძლება იყოს როგორც ძლიერი, ასევე სუსტი. თუ არ არსებობს მყარი, ფუნდამენტური თავდადება დემოკრატიის შენარჩუნების მიმართ, ის შეიძლება დასუსტდეს, გაუარესდეს. ამას ევროპის სხვა ქვეყნებში ვხედავთ. ჩვენ ვისაუბრეთ, იმაზე თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ჩემს კოლეგებს საქართველოს პარლამენტში ეს ესმით. მათ ესმით, რომ ოპოზიციის პატივისცემა და არჩევნების შედეგების პატივისცემა, ის საყრდენი ფუნდამენტია, რომელზეც დემოკრატიულ ინსიტუტებს ვაშენებთ და პატივს ვცემთ დემოკრატიულ არჩევანს, მაშინაც კი როცა ის არ მოგვწონს“ - განაცხადა კონგრესმენმა კონოლიმ.
დემოკრატმა კონგრესმენმა დევიდ პრაისმა „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ შეერთებული შტატების კონგრესი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს. „ჩვენ გვიყვარს საქართველო. ამერიკელ ხალხს უყვარს საქართველო. ის არის შთაგონების წყარო და რთულ რეგიონში იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა გაიდგას ფესვები დემოკრატიამ. ჩვენ ამას ვაფასებთ და გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ ამის მხარდასაჭერად“ - განაცხადა პრაისმა. მისივე თქმით, როგორც ყველა დემოკრატიულ ქვეყანას, საქართველოსაც აქვს გამოწვევები, როცა საქმე ეხება კონფლიქტების მოგვარებას, იმის უზრუნველყოფას, რომ ოპოზიციას უსმენენ, კანონის უზენესობას და სასამართლოს. კონგრესმენმა პრაისმა აღნიშნა, რომ სასამართლოს კუთხით არსებობს გამოწვევები და აშშ მხარს უჭერს რეფორმას ამ სისტემაში.