Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპა აამოქმედებს ფინანსურ მექანიზმს ირანთან ბიზნესის სფეროში ურთიერთობისათვის


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაიკო მაასი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაიკო მაასი

გერმანია, საფრანგეთი და ბრიტანეთი აამოქმედებენ მექანიზმს, რომელიც შესაძლებელს ხდის ირანთან ფინანსურ კავშირს აშშ-ის სანქციების დაურღვევლად. მოსალოდნელია, რომ მექანიზმი სახელწოდებით „საგანგებო დანიშნულების კომპანია“ (SPV) ამოქმედდება 31 იანვარს და კანონიერი ბიზნესინტერესების მქონე ევროპულ ფირმებს დაეხმარება ირანთან საქმიან ურთიერთობაში.

გეგმას დიდი ხანია ამზადებენ, მაგრამ გერმანიის საინფორმაციო სააგენტო დე-პე-ა-მ 30 იანვარს გაავრცელა ცნობა, რომ მექანიზმი მზადაა ოფიციალურად ასამოქმედებლად და ფოკუსირებული იქნება დარგებზე, რომელთაც არ ეხება აშშ-ის სანქციები. მანამდე ორი დღით ადრე, 28 იანვარს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ მალეა მოსალოდნელი გეგმის განხორციელება.

გამოცემა „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ინფორმაციით, სამმა ქვეყანამ დაიწყო SPV-ის რეგისტრაციის პროცესი, რათა შეიქმნას ფინანსური არხი ევვროპულ და ირანულ კომპანიებს შორის ბარტერით ვაჭრობისათვის, პირდაპირი ფინანსური ტრანსაქციების საჭიროების გარეშე.

გერმანია, საფრანგეთი და ბრიტანეთი, რომლებმაც აშშ-თან, რუსეთთან და ჩინეთთან ერთად 2015 წელს ხელი მოაწერეს ირანთან შეთანხმებას ამ ქვეყნის ბირთვული პროგრამის შესახებ, ცდილობენ, ხელი შეუწყონ შეთანხმების ძალაში დარჩენას მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა მაისში გამოაცხადა შეთანხმებიდან გასვლისა და თეირანის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის გეგმის შესახებ.

XS
SM
MD
LG