Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენმ-ის წევრთა ცნობით, პარტიის ორი აქტივისტი დააკავეს ფარული ჩანაწერების საქმეზე


ბათუმში, აჭარის პოლიციის სამმართველოში გამოკითხეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“(ენმ) ოთხი აქტივისტი, რომლებმაც სოციალური ქსელებით მიიღეს შეტყობინება სავარაუდოდ, პარლამენტის დეპუტატის ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის გავრცელების შესახებ. ერთ-ერთმა გამოკითხულმა, დავით გეგიაძემ პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს აცნობა, რომ დროებით დააკავეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები, დები ირმა და ინგა ხოროიშვილები და მათი მობილური ტელეფონები ექსპეტიზისთვის წაიღეს. გეგიაძის ცნობითვე, ერთი სავარაუდოდ ხაშურში, მეორე კი რუსთავში გადაიყვანეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბათუმის საკრებულოს დეპუტატის მირდატ ქამადაძის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ოპოზიციას გადააბრალოს. ქამადაძის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ სამართალდამცავებმა კადრების გამავრცელებლები დააკავონ, ის პირები აიყვანეს, რომლებსაც ვიდეომასალა სოციალურ ქსელში დაუდგენელი პირებისგან გაეგზავნათ.

შსს-ში "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების დაკავების შესახებ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. სოციალური ქსელებით ფარული ჩანაწერის გავრცელებას პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მუხლით იძიებს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.

XS
SM
MD
LG