სახიფათო მგონია ჩვენი მოქალაქეები ისეთი მოსამართლეების ხელში, როგორიც დიმიტრი გვრიტიშვილია - ამ სიტყვებით გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ შესაძლოა ფარული ჩანაწერები თავად ეკა ბესელიას გაევრცელებინა.
ის, რომ ამგვარი ფსიქოტიპის ადამიანები მოსამართლეებად იწოდებიან, არის მარლმსაჯულების კრახი და ხიფათი მოქალაქეებისთვის,- აღნიშნავს ეკა ბესელია. იგი ამბობს, რომ გული სწყდება იმის გამო, რომ რეფორმები,რომლებიც მართლმსაჯულების სფეროში ბოლო წლებში ხორციელდებოდა, ამგვარმა მოსამართლეებმა წყალში ჩაყარეს და ხაზი გადაუსვეს:
„უვადოდ დანიშნული, აი ამ როლიდან მოლაპარაკე მოსამართლე პრაქტიკულად ამბობს, ის არის ისევ იმ ძალადობრივი რეჟიმის სახე, რომლიდანაც მოდის და ეს არის ძალიან მძიმე რეალობა...ამიტომ ჩემი პოზიცია და პასუხია, უნდა შევცვალოთ ეს რეალობა სწორედ იმით, რომ უნდა შეჩერდეს უვადო დანიშვნები; მეორე, უნდა შეწყდეს ამ ადამიანებთან ერთად საკანონმდებლო მუშაობა, მათთან ერთად არ შეიძლება კანონპროექტები იწერებოდეს, ეს არის წარმოუდგენელი და იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებული ნორმები." - ეკა ბესელია აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა პარლამენტმა უნდა შეასწოროს და მანვე უნდა გაწეროს კრიტერიუმები ისე, რომ აღნიშნული მოსამართლეები პროცესში არ ჩართოს.