Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ დათუნაშვილი: "მივიღე დაპირება, რომ ეს პრობლემები აღარ იქნება ფედერაციაში"


ზურაბ დათუნაშვილი
ზურაბ დათუნაშვილი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ყაველაშვილთან საუბრით კმაყოფილია და იმედოვნებს, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს და მის გუნდს მაინც მოუწევთ ფედერაციის დატოვება.

„მადლობა მიხეილ ყაველაშვილს, რომ დაინტერესდა ამ საკითხით. მე მას მოვუყევი პირადად ჩემი და ზოგადად ჭიდაობის ფედერაციაში არსებული პრობლემების შესახებ და მივიღე დაპირება, რომ ეს პრობლემები აღარ იქნება ფედერაციაში. თუ ეს დაპირება შესრულდება, მაშინ მე გავაგრძელებ საქართველოს სახელით ჭიდაობას. გარანტია მივიღე, რომ ჭიდაობის ფედერაციაში აღარ მოხდება ის სიბინძურეები, რაც აქამდე ხდებოდა“, - თქვა ზურაბ დათუნაშვილმა.

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ორგზის ჩემპიონმა ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძის გადადგომა მასზე განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის გამო მოითხოვა. ინციდენტი 11 იანვარს მოხდა, თბილისის სპორტის სასახლეში გამართული საქართველოს ჩემპიონატის ფინალური შეხვედრის მიწურულს. გეგეშიძე სამართალდამცავებმა ძალადობის მუხლით დააპატიმრეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ კი ფედერაციის პრეზიდენტი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ზურაბ დათუნაშვილის განცხადებით, თუ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და გეგა გეგეშიძე თანამდებობას არ დატოვებს, მძიმე არჩევანის გაკეთება მოუწევს - ან კარიერას დაასრულებს, ან უცხოეთში გაემგზავრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG