რომის პაპმა ფრანცისკემ ისტორიული მესა ჩაატარა არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქის სტადიონზე, სადაც თავი მოიყარა 170 ათასამდე კათოლიკემ.
აბუ დაბიში ჩატარებული მესა იყო ღია ცის ქვეშ პირველი ასეთი ღვთისმსახურება არაბეთის ნახევარკუნძულზე. თავად ფრანცისკეც პირველი პაპია, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულს ესტუმრა.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მილიონამდე კათოლიკე ცხოვრობს და მუშაობს, ძირითადად ფილიპინელები და ინდოელები. პაპი სამი დღით ეწვია ამ ქვეყანას, რომელსაც 2019 წელი „შემწყნარებლობის წლად“ აქვს გამოცხადებული.
სტადიონზე მესამდე ერთი დღით ადრე, 4 თებერვალს, ფრანცისკე შეხვდა საამიროების ლიდერებს და სუნიტ მუსლიმთა სწავლების ყველაზე ავტორიტეტიანი კერის, კაიროს ალ-აჟარის მეჩეთის დიდ იმამს, შეიხ აჰმეთ ალ-თაიებს.
რომის პაპმა და დიდმა იმამმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს „ადამიანთა ძმობისაკენ“ მოწოდებით.
დაწერეთ კომენტარი