პარიზში, სულ ცოტა, 10 ადამიანი დაიღუპა და 40-მდე დაშავდა რვასართულიან შენობაში მომხდარი ხანძრის შედეგად. საფრანგეთის დედაქალაქის პროკურორის ცნობით, დაკავებულია ამავე სახლში მცხოვრები ქალი, რომელსაც წარსულში მენტალური პრობლემები ჰქონდა.
პრესტიჟულ მე-16 რაიონში მდებარე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა შუაღამის შემდეგ, მე-7 და მე-8 სართულებს შორის. ცეცხლის ჩაქრობა დილის შვიდ საათამდე ვერ მოხერხდა. დაწყებულია გამოძიება ცეცხლის განზრახ წაკიდების ფაქტზე.
საფრანგეთის მედიასაშუალებების ცნობით, ტრაგიკული ინციდენტის ადგილას დააკავეს 40 წლის ქალი. ამჟამად მისი მონათხრობიდან ცნობილია ის, რომ მას კონფლიქტი ჰქონდა მეზობელთან.