საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ(საია) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორს მიმართა დისციპლინური საჩივრით საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ.
საია-ს შეფასებით, დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ სოციალურ ქსელში და მედიით გაკეთებული არაკორექტული, შეურაცხმყოფელი განცხადებები და პოლიტიკურ დისკუსიაში ჩართვა კანონით აკრძალული დისციპლინური გადაცდომაა და ზიანს აყენებს სასამართლოს იმიჯს.
მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის ერთ-ერთი ბოლო საჯარო განცხადება ეხებოდა პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის გავრცელებას. გვრიტიშვილმა არ გამორიცხა, რომ ჩანაწერის გავრცელება თავად ბესელიას ინტერესებში ყოფილიყო.
ბოლო ხანს დიმიტრი გვრიტიშვილმა საჯარო სივრცეში გააკრიტიკა საბჭოს არამოსამართლე წევრები და არასამთავრობო სექტორის ის წარმომადგენლებიც, რომელთა მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა იუსტიციის საბჭოს მიერ პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენას.