დღეს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და მაკედონიას შორის გაწევრიანების თაობაზე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ბრიუსელში თქვა, რომ ნატოს კარი ღიაა სხვა ქვეყნებისთვისაც, რომლებიც „უპასუხებენ ნატოს სტანდარტებს და ერთგული არიან ნატოს ღირებულებების - დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და პიროვნული თავისუფლებისა“. ამ კონტექსტში მან ისაუბრა საქართველოზე. მისი თქმით, ნატო მიესალმება საქართველოს მიერ არჩეულ კურსს, რომელიც მოიცავს რეფორმებს, თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების ინსტიტუციების გაძლიერებას, გამჭვირვალობას, სასამართლო რეფორმებს.
„ჩვენ მადლობელი ვართ საქართველოსი ყველანაირი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის ნატოს უწევს ნატოს მისიებსა და ოპერაციებში, მაგრამ ასევე ვხედავთ, რომ ნატო აძლიერებს საქართველოს მხარდაჭერას და მასთან თანამშრომლობას. ასე რომ, გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანების გზაზე“, განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ნატოსა და მაკედონიას შორის ხელშეკრულების გაფორმება მოჰყვა ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმებას მაკედონიასა და საბერძნეთს შორის სახელის თაობაზე, რამაც მოხსნა ათენის წინააღმდეგობა და ორი ქვეყნის ურთიერთობა ნორმალური გახადა.