დღეს საქართველოს პარლამენტში გაიმართება განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის სპეციალური სხდომა, რომელზეც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ისაუბრებს ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებული შემოწმების შესახებ.
სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების მიზეზად მისი ოჯახი და ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ასახელებენ ჯანმრთელობის გაუარესებას პოლიტიკური ნიშნით დაწყებული დევნის გამო. ისინი პასუხისმგებლობას პირადად განათლების მინისტრს აკისრებენ. საპარლამენტო კომიტეტის სხდომას დაესწრება ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელიაც.
ბაჩანა შენგელიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პირი, რომლის წერილის საფუძველზეც განათლების სამინისტროს ინსპექტორებმა სავარაუდო დარღვევების გამო სკოლა შეამოწმეს, რეალურად არ არსებობს. შენგელიას განცხადებითვე, განათლების სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტებიდან ისიც გაარკვია, რომ წერილი პროგრამაში ატვირთვიდან 2 წუთში ჰქონდა მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს, რომელმაც 2 გვერდიანი დოკუმენტი 2 წუთში შეისწავლა და მიაწოდა ინსპექტირების სამსახურს.
ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს, ინსულტით გარდაიცვალა. მისი ვაჟი აცხადებს, რომ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმების გამო, რომელიც რეალურად უკავშირდებოდა საპრეზიდენტო არჩევნებს, კერძოდ იმას, რომ ია კერზაიამ უარი თქვა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ მუშაობაზე.
განათლების სამინისტროში აცხადებდნენ, რომ ეს იყო რიგითი შემოწმება, რომლის პოლიტიზება დაუშვებელია და აღმოჩენილი დარღვევების მიუხედავად, დირექტორი თანამდებობიდან არ გაუთავისუფლებიათ.