Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოჩა ჩორგოლიანმა გეგა გეგეშიძის ბრალდებას უპასუხა


საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის - გეგა გეგეშიძის მიერ თაღლითობაში დადანაშაულების შემდეგ, თბილისის ჭიდაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გოჩა ჩორგოლიანმა პირველი კომენტარი გააკეთა. 7 თებერვალს, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში გეგეშიძემ თქვა, რომ ჩორგოლიანმა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის სახელით ისარგებლა და წერილი გააგზავნა მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებაში. იმ საბუთის თანახმად, გოჩა ჩორგოლიანი ითხოვდა, საქართველოში გასამართ სამწვრთნელო კურსებში მონაწილეობა მიეღო გიორგი გოგშელიძეს. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის კანდიდატი კი დავით ოთიაშვილი იყო.

„არანაირი საბუთი არ გამიყალბებია და არც მითაღლითია. ბლანკი თბილისის ჭიდაობის ფედერაციაში მომიტანა გიორგი გოგშელიძემ. მას ინდივიდუალურად გამოუგზავნეს შეთავაზება მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებიდან. სწორედ გიორგის უნდა მიეღო მონაწილეობა საქართველოს სახელით, საქართველოშივე გასამართ სამწვრთნელო სემინარში, მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის მიერ დისკვალიფიცირებულია, ჩვენ გვთხოვა დახმარება. როგორც შემდეგ შევიტყვეთ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას არჩევანი დავით ოთიაშვილზე გაეკეთებინა. გოგშელიძე შეეხმიანა ოთიაშვილსაც და მან უთხრა, მე ვერაფერს ვიზამ, გადამეკიდებიანო. ბლანკს ხელი მოვაწერე მე, თბილისის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, რადგან მქონდა ამავე ფედერაციის პრეზიდენტის, ვასილ ქარსელაძის დასტური. მსოფლიო ჭიდაობის ფედერაციამ არჩევანი ოთიაშვილზე შეაჩერა. საქმეში სავარაუდოდ ჩაერია საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი ედიშერ მაჩაიძე. ცნობისთვის, სწორედ მაჩაიძისთვის უცენზუროდ მიმართვის გამო აქვს გეგეშიძეს დისკვალიფიკაცია. ედიშერ მაჩაიძემ უსამართლოდ დაუჭირა მხარი ქუთაისში გამართული ერთ-ერთი შეხვედრისას მსაჯის მიკერძოებულ გადაწყვეტილებას, რასაც გოგშელიძის რეაქცია მოჰყვა. მე არ დავსწრებივარ იმ შეხვედრას, რადგან, რამდენიმე ადამიანისგან ნაცემი ვმკურნალობდი. ამ ადამიანებს შორის იყვნენ გეგას ძმა - ლადო გეგეშიძე და გიორგი გოგრიჭიანი, რომელიც საქართველოს ჭიდაობის ეთიკის კომისიის ხელმძღვანელია. არ შეიძლება, ამ ხალხის ხელში იყოს ჭიდაობა, რადგან მუდმივად ცილისწამებებით, მუქარებითა და ფიზიკური ანგარიშსწორებით ცდილობენ ყველას დაშინებას და დამორჩილებას. აუცილებლად დავეკითხები იურისტებს და გავცემ მათ საკადრის პასუხს უბინძურეს ბრალდებაზე“ - გვითხრა გოჩა ჩორგოლიანმა.

XS
SM
MD
LG