ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მდებარე სოფელ ერგნეთში მიმდინარეობს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების 91-ე შეხვედრა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ შეხვედრის დაწყებამდე დაადასტურა, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც ქართული მხარე დასვამს, სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების სათვალთვალო კოშკურის აღმართვაა. რუსმა სამხედროებმა კოშკურის და საგუშაგოს დადგმა 6 თებერვალს დაიწყეს.
ერგნეთის შეხვედრის დღის წესრიგში სულ 12 საკითხია. ირაკლი ანთაძის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობის და დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების გამო დღემდე პასუხგაუცემელ შეკითხვებს. ოსი სამართალდამცავების მიერ ახალგორში დაკავებული არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის თებერვალში, ცხინვალში მოკლეს. დავით ბაშარული ახალგორის „მილიციის“ თანამშრომლებმა 2014 წლის ივნისში დააკავეს, რამდენიმე თვის შემდეგ კი მისი ცხედარი ახალგორთან აღმოაჩინეს.
ერგნეთში დღევანდელ შეხვედრაზე განიხილება საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეთა უკანონოდ დაკავების და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებთა მიმოსვლის შეზღუდვის ფაქტებიც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბოლო ორ თვეში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 21 მოქალაქე.
ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრაში ქართულ მხარესთან ერთად მონაწილეობენ რუსეთის საოკუპაციო ძალების და ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები.