სარაევოში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიალი გაიმართა. 11-დან 15 თებერვლის ჩათვლით ოლიმპიური ჩემპიონ-პრიზიორები სპორტის რვა სახეობაში გამოვლინდებიან. ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში ევროპის 46 ქვეყნის 14-დან 18 წლამდე ასაკის 911 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის იქნება საქართველოს დელეგაციაც, რომელიც სპორტის ორ სახეობაში ექვსი სპორტსმენით ჩაებმება ოლიმპიურ კონკურენციაში.
ნოდარ კოზანაშვილი, გიორგი აბრამაშვილი, სანდრო ჟორჟოლიანი, ნინო კურტანიძე და მაგატა ჯაფარიძე სამთო თხილამურობაში გამოვლენ, ალინა ურუშაძე - ფიგურულ ციგურაობაში. ამ ორი სახეობის გარდა, მედლები გათამაშდება ბიატლონში, ბარის თხილამურობაში, ყინულის ჰოკეიში, შორტ-ტრეკში, სნოუბორდსა და კერლინგში.
„ეს ღონისძიება კიდევ ერთი დიდი სიმბოლოა იმისა, თუ როგორ შეუძლია სპორტს ადამიანების გაერთიანება. დღეს მისი გავლენა აქტუალურია და საჭიროა, როგორც არასდროს“, - განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიალის წინ.