Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ბახტაძე: დაგეგმილია სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაცია


საქართველოში აშენდება 28 ახალი სკოლა და მოხდება 83 სკოლის რეაბილიტაცია, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 13 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე.

პრემიერის თქმით, 50 მილიონი ლარის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას მუნიციპალური განვითარების ფონდი უძღვება.

ეს თანხა მოძიებულია სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის მიერ გამოყოფილი სესხითა და აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვითი პარტნიორობის ფარგლებში.

მამუკა ბახტაძის თქმით, სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება განათლების პრიორიტეტული რეფორმის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება თვითმმართველობების ხელში გადავიდა.

„57 მუნიციპალიტეტის სკოლებში ეტაპობრივად ჩატარდება 40 მილიონი ლარის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მნიშვნელოვანია, რომ მოხდა ამ სამუშაოების როგორც დაგეგმვის, ასევე განხორციელების უფლების გადაცემა ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის. მიგვაჩნია, რომ ადგილზე უკეთესად იციან სკოლების საჭიროებები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა დონორ ორგანიზაციებთან და საქართველოს მეგობარ ქვეყნებთან, რათა მოხდეს მეტი რესურსის მობილიზება სკოლების რეაბილიტაციისთვის.

XS
SM
MD
LG