Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სმითების მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი მათ ნათესავებს აშშ-ში შეხვდება


სმითების ოჯახი
სმითების ოჯახი

რაიან და ლორა სმითების და მათი 4 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ სმითების ნათესავების გამოსაკითხად თანხმობა მიიღო.

ადვოკატმა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ აცნობა, რომ აშშ-ში ჩასვლას აპრილში გეგმავს. „დაცვის მხარე ვითხოვდით, რომ დაზარალებულების გამოკითხვა მომხდარიყო. ამ შემთხვევაში სმითის ოჯახის წევრები გამოგვეკითხა. კომუნიკაცია დავამყარეთ მათთან და მათი თანხმობის საფუძველზე შევხვდები და გამოვკითხავ“ - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ. მისი ინფორმაციით, თანხმობა აქვს აშშ-ის საკონსულოსგანაც.

ადვოკატი ვარაუდობს, რომ სმითების ნათესავებისგან მიიღებს მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც გამოძიებას არ აქვს. კობაიძის თქმით, სმითების საქმიანობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია ინფორმაცია, თუ რა წრესთან ჰქონდათ ურთიერთობა.

აშშ-ის და საქართველოს ორმაგი მოქალაქობის მქონე რაიან და ლორა სმითების და მათი 4 წლის ვაჟის ცხედრები ხადის ხეობაში 2018 წლის ივლისში აღმოაჩინეს.

მკვლელობაში ბრალდებულია 19 წლის მალხაზ კობაური, რომელიც დანაშაულს არ აღიარებს. საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა განიხილონ.

საქართველოში დასახლებამდე რაიან სმითი ბაქოში ცხოვრობდა. 2005 წელს დაბრუნდა აშშ-ში, სადაც დაქორწინდა. 2012 წლიდან სმითები ცხოვრობდნენ მარნეულში, სადაც ხელით ნაქსოვი ხალიჩების საწარმო ჰქონდათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG