აშშ და ისრაელი გამოდიან მოწოდებით, ახალი ზომები იქნეს მიღებული ირანზე ზეწოლის მიზნით. ამ საკითხზე საუბრობენ ახლო აღმოსავლეთის შესახებ ვარშავაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც თეირანი „ცირკად“ მიიჩნევს. კონფერენციის სპონსორია შეერთებული შტატები.
14 თებერვალს სიტყვით გამომსვლელებს შორის არიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ.
კონფერენციის გახსნისას, პომპეომ აღნიშნა, რომ მსოფლიო „ვერ მიაღწევს მშვიდობასა და უსაფრთხოებას ახლო აღმოსავლეთში ირანთან დაპირისპირების გარეშე“.
ვარშავის კონფერენციაში მონაწილეობენ 60-მდე ქვეყნის წარმომადგენლები. ამასთან, ევროპის ბევრმა ქვეყანამ შედარებით დაბალი რანგის ოფიციალური პირები გააგზავნა და კონფერენციას არ ესწრება ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი ფედერიკა მოგერინი.
ვაშინგტონსა და მისი ევროპელ მოკავშირეებს შორის უთანხმოებას იწვევს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, გავიდეს ირანის ბირთვულ პროგრამაზე 2015 წელს ხელმოწერილი შეთანხმებიდან, რომელიც ითვალისწინებს ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას მისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. ევროკავშირის სახელმწიფოები აკრიტიკებენ ვაშინგტონის ნაბიჯს და მიმართავენ ზომებს, რათა ძალაში დარჩეს შეთანხმების მნიშვნელოვანი ასპექტები..