Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესმა ბიუჯეტი დაამტკიცა, პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა დაამტკიცეს 2019 წლის ბიუჯეტი, რომელიც მექსიკასთან საზღვარზე ახალი დამცავი ბარიერებისთვის თითქმის 1,4 მილიარდი დოლარის გამოყოფასაც ითვალისწინებს.

ბიუჯეტს ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც საზღვარზე კედლის ასაშენებლად 5,7 მილიარდ დოლარს ითხოვდა.

სენატში რესპუბლიკელთა ლიდერის მიჩ მაკკონელის ინფორმაციით, პრეზიდენტი კანონს ხელს მოაწერს, რათა ქვეყანამ თავიდან აიცილოს ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერება, შემდეგ კი გამოაცხადებს საგანგებო მდგომარეობას, რათა მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის დაფინანსება მოიპოვოს კონგრესის თანხმობის გარეშე.

დონალდ ტრამპის განზრახვა დაადასტურა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სარა სანდერსმა. მისი განცხადებით, პრეზიდენტი შეასრულებს საზღვრის და ქვეყნის დასაცავად კედლის აშენების დაპირებას.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ეწინააღმდეგებიან დემოკრატები, რომლებსაც უმრავლესობა აქვთ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში. მისი სპიკერის ნენსი პელოსის შეფასებით, მექსიკასთან საზღვარზე არსებული ვითარება საგანგებო მდგომარეობა არ არის. პელოსის განცხადებით, დემოკრატები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ყველა შესაძლო სამართლებრივი საშუალებით დაუპირისპირდებიან. სენატში დემოკრატების უმცირესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა პრეზიდენტის განზრახვას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება უწოდა.

XS
SM
MD
LG