საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციას, რომელსაც უფლება ექნება სულ მცირე 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერით პარლამენტს წარუდგინოს საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი. საკითხი ეხება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის.
საინიციატივო ჯგუფში არიან 20-ზე მეტი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. მათ საპროცედურო საკითხთა კომიტეტისგან მიიღეს ამომრჩეველთა ხელმოწერებისთვის განკუთვნილი სპეციალური ფურცლები. ოპოზიცია მილიონი ხელმოწერის შეგროვებას აპირებს.
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები მოითხოვენ, რომ მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდეს უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და არა 2024 წლიდან, როგორც ამას ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მიღებული კონსტიტუცია.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე საინიციატივო ჯგუფის წევრმა, „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ დეპუტატებს შეახსენა, რომ 200 000-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერით საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივა ჯერ კიდევ 2016 წელს, წინა მოწვევის პარლამენტს წარუდგინეს, პირველი მოსმენით განხილულიც იყო, თუმცა შემდეგ, კვორუმის არარსებობის და სხვა მიზეზებით პროცესი აღარ გაგრძელებულა.
მამუკა კაციტაძის თქმით, ახალი მოწვევის პარლამენტის მიერ რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე ამ კანონპროექტის განხილვა დღის წესრიგიდან მოიხსნა. კაციტაძის შეფასებით, ამით კონსტიტუციური უფლება წაერთვა 200 000-ზე მეტ მოქალაქეს.
„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დეპუტატებს მიმართა, იგივე ბედი არ გაიზიაროს საკონსტიტუციო ცვლილების პროექტმაც, რომელსაც პარლამენტს ხელმოწერების შეგროვების შემდეგ წარუდგენენ.